
აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად ტრამპმა ბილ პულტე წარადგინა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად საბინაო დაფინანსების ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელ ბილ პულტეს ნიშნავს. არსებული ინფორმაციით, ეს საკადრო გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ახალ ხელმძღვანელს სადაზვერვო სფეროში არასდროს უმუშავია.
პულტე ამ პოზიციაზე შეცვლის ტულსი გაბარდს, რომელიც თანამდებობას მიმდინარე თვის ბოლოს დატოვებს. Politico-ს ცნობით, ახალი ხელმძღვანელი საბინაო სააგენტოში აქამდე არსებულ პოსტს პარალელურად შეინარჩუნებს და უხელმძღვანელებს სახელმწიფო კონტროლქვეშ არსებულ იპოთეკურ კომპანიებს, Fannie Mae-სა და Freddie Mac-ს, სადაც იგი $10 ტრილიონზე მეტის აქტივს აკონტროლებს.
რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცებას, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სენატში პულტეს კანდიდატურას სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ თუნმა თქვა, რომ პულტეს მუდმივ პოზიციაზე დასამტკიცებლად საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწევს, რადგან მისი გამოცდილება და ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიციაზე მუშაობა კანონმდებლებს მისდამი მხარდაჭერას გაუძნელებს. მათ შორის რესპუბლიკელებს შორისაც კი.
სენატის სადაზვერვო კომიტეტის წევრმა, რესპუბლიკელმა ჯონ კორნინმა განაცხადა, რომ ახალი კანდიდატის შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი ფაქტები არ გააჩნია. კომიტეტის წამყვანმა დემოკრატმა, მარკ უორნერმა კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა დამოუკიდებელი სპეციალისტის ნაცვლად არჩევანი პოლიტიკურ მოკავშირეზე შეაჩერა, რაც საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ პულტეს უმცირესობის მხარდაჭერა არ ჰქონდეს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ბილ პულტე თეთრი სახლის ლიდერის აქტიურ მხარდამჭერად მიიჩნევა. იგი გასულ წელს იუსტიციის დეპარტამენტისგან დემოკრატი კანონმდებლებისა და FED-ის წევრის, ლიზა კუკის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა. პულტე დასახელებულ პირებს თაღლითობაში სდებდა ბრალს, თუმცა ამ საქმეებზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოუტანია. ამასთან, იგი კონგრესს ფედერალური რეზერვის მაშინდელი ხელმძღვანელის, ჯერომ პაუელის საქმიანობის შესწავლისკენაც მოუწოდებდა. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, დევის ინგლმა ტრამპის მიერ შერჩეული კანდიდატი დაიცვა და თქვა, რომ პულტე ამერიკელი ხალხის ინტერესებს ახალ პოზიციაზეც დაიცავს და სამუშაოს ბრწყინვალედ შეასრულებს.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორი აშშ-ის 18 სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობას კოორდინირებს.
BM.GE
წყარო: bm.ge