
"ბაზისბანკმა" "ლიბერთი ბანკის" მინორიტარებისგან ₾8 მილიონის აქციების გამოისყიდა
„ლიბერთი ბანკის“ აქციებზე, საფონდო ბირჟის არასაბირჟო გარიგებებში 16 ოქტომბერს, მსხვილი 3 გარიგება აღირიცხა. ჯამში 51,377,596 აქციის გასხვისება მოხდა. პაკეტის ჯამურმა ღირებულებამ კი, 8.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო აქციაში 0.15785 ლარის გადახდა მოხდა. ბირჟაზე განთავსებული ინფორმაციით, ერთი გარიგებით 22,143,625 აქცია ₾3.495 მლნ გაიყიდა, მეორე გარიგება 24,112,236 რაოდენობის აქციების ეხებოდა, რომლის ღირებულებამ ₾3.806 მლნ შეადგინა, ხოლო მესამე ტრანზაქცია 5,121,735 აქციაზე დაიდო, რომლის ღირებულება ₾808 465 ლარია. აქციების ეს პაკეტი ჯამური აქციების 1.14% შეადგენს.
აღნიშნული გარიგეგებით "ბაზისბანკმა" "ლიბერთი ბანკის" აქციების დამატებითი პაკეტი შეიძინა. პარალელურად, ბანკი აცხადებს, რომ იგეგმება აქციების მინორიტარებისგან გამოსყიდვის სავალდებულო პროცედურის ამოქმედება და გამოსყიდვის ფასი იქნება ის რასაც სასამართლო განსაზღვრავს.
"ბაზისბანკის" განცხადებით, აქციების სავალდებულო გამოსყიდვის მიზანია „ლიბერთი ბანკის“ ფუნქციონირების ეფექტურობის გაზრდა, მართვის ოპტიმიზაცია, ადმინისტრაციული რესურსისა და მმართველობითი ხარჯების შემცირება. ამასთან, ბანკი სამომავლოდ „ლიბერთი ბანკთან“ შერწყმასაც განიხილავს, მიერთების გზით.
"ბაზისბანკი", განცხადებაში აღნიშნავს, რომ ლიბერთი ბანკის განთავსებული კაპიტალის 95%-ზე მეტს ფლობს, რაც მას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის გამოყენების შესაძლებლობას აძლევს.
სასამართლოსთვის მიმართვა განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ, კანონით დადგენილი წესით იქნება შესაძლებელი. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აქციების სავალდებულო მიყიდვის შესახებ და განსაზღვროს როგორც მათი სამართლიანი ფასი, ისე გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღი.
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ბაზისბანკი გამოსყიდის ყველა დარჩენილ აქციას, რომლებიც შესაბამისი სააღრიცხვო თარიღისთვის საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში იქნება აღრიცხული. გამოსასყიდი თანხა სპეციალურ ანგარიშზე განთავსდება, ხოლო აქციონერებს კანონით გათვალისწინებული წესით ეცნობებათ პროცედურის შესახებ. მათ შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ კუთვნილი აქციების შესაბამისი თანხა სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლიანი ფასის მიხედვით.
ბაზისბანკმა ლიბერთის 95.99% აპრილში შეიძინა
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის საკონტროლო პაკეტი საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის შემდეგ, 2026 წლის 16 აპრილს შეიძინა. გარიგების ფარგლებში ბანკის ჩვეულებრივი აქციების 95.99%-ის შესყიდვაზე 674.1 მილიონი ლარი გადაიხადა. ლიბერთის ყოფილი აქციონერების მიერ მიღებული დივიდენდის ჩათვლით, გარიგების საერთო ღირებულება დაახლოებით 802 მილიონ ლარს აღწევს.
მანამდე, 2026 წლის 29 მაისს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის დარჩენილი აქციების გამოსყიდვის მიზნით სავალდებულო სატენდერო შეთავაზება გამოაცხადა. შეთავაზება 8 ივნისიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებდა.
BM.GE
წყარო: bm.ge