
ენერგეტიკაში ჩვენი რეფორმები ეროვნული ინტერესების რეალიზებაზეა ორიენტირებული - კობახიძე
ჩვენი რეფორმები ენერგეტიკის სფეროში არის ორიენტირებული ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე", - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BMG-ის კითხვას, რომელიც ენერგეტიკული გაერთიანების რეფორმებს ეხებოდა.
კერძოდ, საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ენერგეტიკული გაერთიანების წევრ სხვა ქვეყნებს (მაგალითად, უკრაინას, მოლდოვას) ევროპული რეფორმების იმპლემენტაციაში და 2017 წლიდან დღემდე ვალდებულებების მხოლოდ ნახევარი აქვს შესრულებული. შესაბამისად, BMG დაინტერესდა რატომ ფერხდება ბაზრის ლიბერალიზაცია, ასევე, ხომ არ ნიშნავს მუდმივი გადავადება, რომ ქვეყანამ ფაქტობრივად, უარი თქვა ამ რეფორმებზე და როდის უნდა ველოდოთ გაზის ბაზრის გახსნას.
"ჩვენი რეფორმები ენერგეტიკის სფეროში ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების რეალიზებაზე. ენერგეტიკის, მათ შორის ელექტროენერგეტიკის სექტორში ძალიან ბევრი რამ შესასრულებელი. მოგეხსენებათ, რომ ამ სფეროში ფუნდამენტური რეფორმა განხორციელდა. შედეგად, ჩვენ ველოდებით, რომ თუ დღეს საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია 4900 მეგავატია, ახლო თუ შორეულ, კერძოდ კი 10-წლიან პერსპექტივაში, ეს მაჩვენებელი 11 500 მეგავატამდე გაიზრდება. რაც შეეხება გაზიფიკაციისა და კომუნალური სერვისების საკითხებს, ისინი სათანადოდ არის მოწესრიგებული. ჩვენ აბსოლუტურად ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ და რეფორმებსაც აქტიურად ვახორციელებთ", - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე გაიხსნება თუ არა ენერგეტიკული ბირჟა მომავალ წელს როგორც ეს დაგეგმილია, კობახიძე პასუხობს: "ჩვენ ვმუშაობთ ყველა რეფორმაზე, მათ შორის, რაც დაკავშირებულია იგივე ასოცირების შეთანხმებასთან. ყველა რეფორმაზე ვმუშაობთ და შედეგებს იხილავთ".
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციისა და ლიბერალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩამორჩენა აქვს. ამ კატეგორიაში ვალდებულებების შესრულების მაჩვენებელი მხოლოდ 31%-ია, რაც ყველაზე დაბალი შედეგია შეფასებულ ხუთ სფეროს შორის.