ორიგინალი
EU-მ ყულევის ქარხანა სწორ კალაპოტში ჩააყენა და ახლა თავად უნდა აირჩიოს ევროპული ან რუსული გზა - რომან გოცირიძე
BM.GE·11:20

EU-მ ყულევის ქარხანა სწორ კალაპოტში ჩააყენა და ახლა თავად უნდა აირჩიოს ევროპული ან რუსული გზა - რომან გოცირიძე

25 ნოემბერი, 2026 · 11:20

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ექს-დეპუტატი, ეკონომისტი რომან გოცირიძე დადებითად აფასებს ევროკომისიის მიერ სანქციების 22-ე პაკეტის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციას სასანქციო სიიდან ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის ამოღების თაობაზე.

"ევროკავშირი აპირებს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სასანქციო სიიდან ამოღებას - ეს არის ძალიან კარგი", - დაწერა ყოფილმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში, მოგვიანებით კი ამ თემაზე BMGTV-ის გადაცემა "წერტილშიც" ისაუბრა.

"ამ ეტაპზე ევროკავშირმა, თავისუფალმა მედიამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მმართველი კომპანია BSP, მიუხედავად მისი მფლობელების რუსული კავშირებისა, მაინც სწორ კალაპოტში ჩააყენა. ახლა თავად უნდა გადაწყვიტონ, ევროპული გზით უნდათ სიარული თუ რუსული გზით - რუსული გზით ვინც ივლის, არავინ გაიხარებს", - აცხადებს რომან გოცირიძე.

მისი თქმით, ბრიუსელის მთავარი მოთხოვნა - უარი რუსულ ნავთობს - შესრულებულია და ოფიციალური სტატისტიკაც ადასტურებს, რომ Black Sea Petroleum-მა რუსული ნედლეული ლიბიური ნავთობით ჩაანაცვლა.

ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მენეჯმენტის მონაცემებით, 23 აგვისტოდან დღემდე ანუ ბოლო სამ თვეში მიღებული ლიბიური ნედლეულის მთლიანმა მოცულობამ, დაახლოებით, 352 000 ტონას მიაღწია, მეხუთე პარტიას კი დეკემბერში ელიან. საქსტატის მონაცემებითაც, მაგალითად, ოქტომბერში საქართველოში ნედლი ნავთობი მხოლოდ ლიბიიდან შემოვიდა.

ყოფილი დეპუტატი, რომელიც მანამდე ყულევის ქარხნის საქმიანობას მწვავედ აკრიტიკებდა, მათ შორის - რუსეთთან დაკავშირებული მესაკუთრეებისა და რუსული დიზელის ნახევარფაბრიკატის გადამუშავების გამო, განმარტავს, რატომ მიესალმება ევროკომისიის წინადადებას. მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის ნაწილად ქცეული ობიექტის დასანქცირება არავის ინტერესში შედის მაშინ, როცა მან სანქციების რეჟიმის დარღვევა შეწყვიტა.

„კარგია, რადგან აგვისტოს შემდეგ მათ რუსეთიდან ნავთობი აღარ მიუღიათ და ლიბიიდან შემოაქვთ. სტატისტიკაც ადასტურებს, რომ ეს კომპანია რუსულ ნავთობს ჩაეხსნა, მცირე რაოდენობით ნედლეული კი ყაზახეთიდანაც შემოიტანა. ამდენად, მისასალმებელია, რომ ის რეალურად ასრულებს იმ პირობებს, რომლებიც რუსეთის სამხედრო მანქანის დაფინანსებას არ შეუწყობს ხელს - სისხლიანი ფული არავის უნდა, არც ევროპას და არც საქართველოს“, - აღნიშნავს რომან გოცირიძე.

ამასთან, ეკონომისტის შეფასებით, კომპანიას სხვა გამოსავალი არც ჰქონდა, რადგან სასწორზე სოლიდური ინვესტიცია იდო:

„რუსულ ნავთობზე უარის თქმა BSP-ის კეთილ ნებაზე არ იყო დამოკიდებული - ყულევის ქარხნის მენეჯმენტს რომ არ ეცადა რუსულ ნედლეულზე უარის თქმა, საწარმო დაიხურებოდა. კომპანიაში, როგორც თავად ამბობენ, 200 მილიონ ევრომდეა ჩადებული. ამავე დროს, აქ ფული საქართველოს მთავრობასაც აქვს ჩადებული, მთავრობაც არის ერთ-ერთი მეწილე - სესხი კი არ მიუცია, პირდაპირ ფული მისცა. გარდა ამისა, „ქართუ ბანკს“ აქვს ფული გაცემული. გამოდის, რუსული კაპიტალის გარდა, ქართული საბანკო ინსტიტუტების ფულიცაა ჩადებული და აწყობთ მათ, რომ გაკოტრდნენ და ეს სახსრები დაეკარგოთ?!“

რომან გოცირიძემ იქვე დასძინა, რომ ამ შედეგში გადამწყვეტი როლი დამოუკიდებელმა მედიამ, სამოქალაქო სექტორმა და ევროკავშირის პრინციპულმა პოზიციამ ითამაშა, რამაც კომპანია აიძულა, დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა დაელაგებინა, ბრიუსელში ოფისი გაეხსნა და ევროპელი მრჩევლები დაექირავებინა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად მდგრადია კომპანიის ახალი პოლიტიკა და ხომ არ დაუბრუნდება იგი რუსულ ნედლეულს სანქციების მოხსნის შემდეგ, ეკონომისტმა აღნიშნა, რომ ლიბიური ნავთობი რუსულზე ძვირია, რაც საწარმოსთვის ფინანსურად ნაკლებად მოგებიანია, თუმცა დღევანდელ რეალობაში სხვა არჩევანი არ არსებობს, მომავლის პროგნოზირება კი რთულია.

„ლიბიის ნავთობი რუსეთის ნავთობზე ძვირია, ვინაიდან რუსეთი დასანქცირებულია და ფასის ზედა ჭერი აქვს დაწესებული. ამ სიიაფით ყულევის ქარხანაც ხეირობდა, ახლა კი იძულებულია, უფრო ძვირი ნედლეული შემოიტანოს. შესაძლებელია, ასეთი გათვლაც იყოს, რომ უკრაინაში ომის დამთავრების შემდეგ, თუ რუსული სანქციები გაუქმდა, მაშინ შემოიტანენ რუსულ ნავთობს, რომელიც უფრო ახლოს არის - ნოვოროსიისკიდან ერთი დღე უნდა, აქ რომ გემი შემოვიდეს. მაგრამ დღევანდელ ვითარებაში ფაქტია, რომ ლიბიის ნავთობი შემოდის“, - განაცხადა მან.

Black Sea Petroleum-ის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, ქარხანამ ეტაპობრივად უნდა აითვისოს სრული ციკლი: მომავალი წლიდან ბიტუმის წარმოების დაწყებას გეგმავენ, 2027 წლიდან - საავიაციო საწვავის, ხოლო 2028 წლის ბოლოდან - დიზელისა და ბენზინის. რომან გოცირიძის თქმით, ვინაიდან ამჟამად საქართველოში სრული გადამუშავების ციკლის მქონე საწარმო არ არსებობს, 2028 წლის გეგმის შესრულება ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება.

„თუ 2028 წელს საქართველოს ექნება ისეთი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა, რომელიც აწარმოებს სუფთა ბენზინსა და დიზელს, ეს შიდა ბაზარზეც გაიყიდება, რაც იმპორტისა და ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინების შემცირებას გამოიწვევს. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ ისინი საკუთარ საცალო ქსელსაც განავითარებენ და კონკურენციაში შევლენ ბაზარზე არსებულ მსხვილ კომპანიებთან - იქნება ეს „ვისოლი“, „გალფი“ თუ სხვა“, - განაცხადა მან.

„წერტილთან“ ინტერვიუში რომან გოცირიძემ შეაფასა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაც, რომლის თანახმადაც „ქართული ოცნება“ მართალი იყო, როცა თავის დროზე ყულევის ქარხნის მიმართ პრეტენზიებს „ტყუილზე დაფუძნებულს“ უწოდებდა.

ყოფილი დეპუტატის თქმით, მთავრობის მეთაურის ეს რიტორიკა უშუალოდ Black Sea Petroleum-ისთვის არის სახიფათო, რადგან კომპანიის სასანქციო სიიდან ამოღებას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

„[ირაკლი კობახიძის] განცხადება არის ძალიან ცუდი და ამან შეიძლება დათვური სამსახური გაუწიოს ამ ნავთობგადამმუშავებელ კომპანიას. 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სასანქციო სიიდან მისი ამორიცხვის თაობაზე და საკმარისია ერთი რომელიმე ქვეყანა - თუნდაც ბალტიის ქვეყანა ან რომელიმე სხვა, ის სახელმწიფოები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ყულევის ქარხანაში შემოდის რუსული ნავთობი და ამით ხდება სანქციების რეჟიმის დარღვევა - გამოვიდეს წინააღმდეგი. ახლა პრემიერი გამოდის და ამბობს, რომ თურმე ოპოზიციური პოლიტიკოსები, თავისუფალი მედია და ბუნებრივია, ევროკავშირიც, ვინაიდან ევროკავშირმა მიიღო ის გადაწყვეტილება, ყოფილან მატყუარები. რომელ სიმართლეს ამბობდნენ „ოცნების“ ხელისუფლების წევრები, როდესაც სასანქციო სიიდან ამოღების ერთადერთი მოთხოვნა კომპანიის რუსულ ნავთობზე უარის თქმა იყო?!“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ: ევროკავშირმა ყულევის ქარხანა სანქციების სიაში მიმდინარე წლის ივლისში შეიყვანა და ნედლი ნავთობის მომწოდებლების შესაცვლელად ექვსთვიანი ვადა მისცა. სიიდან ქარხნის საბოლოოდ ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება. თუ ისინი ევროკომისიის წინადადებას 2027 წლის 25 იანვრამდე დაამტკიცებენ, საწარმოზე ფინანსური გარიგებების შეზღუდვა აღარ ამოქმედდება.

თავის მხრივ, ქარხნის მფლობელი და ოპერატორი კომპანიის, Black Sea Petroleum-ის მენეჯმენტი აცხადებს, რომ 23 აგვისტოდან საწარმო მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს და ამ პოლიტიკას მომავალშიც შეინარჩუნებს. იმის საილუსტრაციოდ, რომ BSP ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, ბოლო თვეებში კომპანიის ხელმძღვანელობა შესაბამის ცნობებს, მათ შორის ვიდეომასალების სახითაც ავრცელებს. ყულევის ქარხანამ ლიბიური ნედლი ნავთობის მეოთხე პარტია დღესაც მიიღო. კომპანიის მონაცემებით, 23 აგვისტოდან დღემდე, ანუ ბოლო სამ თვეში მიღებული ლიბიური ნედლეულის მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით 352 000 ტონას მიაღწია, მეხუთე პარტიას კი დეკემბერში ელიან.

ევროპულ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის გასააქტიურებლად BSP-ში მრჩეველთა საბჭოც შექმნეს, ხოლო 15 ოქტომბერს ბელგიაში, ბრიუსელში საკუთარი წარმომადგენლობითი ოფისიც გახსნეს.

სრული სტატია წყაროზეწყარო: bm.ge
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. EU-მ ყულევის ქარხანა სწორ კალაპოტში ჩააყენა და ახლა თავად უნდა აირჩიოს ევროპული ან რუსული გზა - რომან გოცირიძე

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 69 სტატია.

  • იმედი·18:26
    ცოტნე ანანიძე სააკაშვილის პოსტზე, რომ „ვარდების რევოლუცია“ პირველმა რუსეთის საგარეო მინისტრმა აკურთხა: ეს ადამიანი და მისი პოლიტიკური მიმდევრები ცდილობენ რუსული იარლიყი მოგვაწებონ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს კარგი მეხსიერება და ანალიზის უნარი აქვთ - სააკაშვილი ყოველთვის სხვა ქვეყნის ინტერესს ატარებდა
  • რუსთავი 2·17:34
    მედია: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, რუსული ენის გამოყენებისთვის, 3 400 გრივნით დააჯარიმებენ
  • ტვ პირველი·11:26
    ციხიდან გათავისუფლებული გიგაური 28 ნოემბრის აქციას უერთდება: რაც მალე შევძლებთ გაერთიანებას, მით მალე დავამარცხებთ რუსულ გავლენებს საქართველოში
  • ფორმულა·13:16
    უკრაინის სპეცსამსახურმა ლიბიის სანაპიროსთან რუსულ გემებზე მიტანილი იერიში დაადასტურა
რუსული

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

BM.GE·19:52

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო

აშშ-ის სასამართლომ Huawei თაღლითობასა და კომერციული საიდუმლოების მოპარვაში დამნაშავედ ცნო
BM.GE·19:42

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს

ევროკომისია აშშ-სა და ჩინეთთან კონკურენციისთვის კვანტური კომპიუტერების აქტის წარდგენას გეგმავს
BM.GE·19:31

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"

გამოუყენებელი მეორადი აპარატურა და შეუსრულებელი სამუშაოები – რა დარღვევები გამოავლინა აუდიტმა "სამედიცინო ჰოლდინგში"
BM.GE·19:22

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო

„ბიზნესის დღე“ - ეკონომიკის განვითარების კორპორაციამ ბიზნესფორუმების სერია დაიწყო
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.