
"განა არ მეცალა, მაგრამ ამის რესურსი არ იყო" - კობახიძე კორუფციასთან ბრძოლაზე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლების განმავლობაში მთავრობის მეთაურს კორუფციასთან ბრძოლის რესურსი არ ჰქონდა, თუმცა გასული ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ფაქტები აღმოიფხვრა - ამის შესახებ კობახიძემ პრესკონფერენციაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, იმდენი თავსატეხი მქონდა, რაც დაკავშირებული იყო გარე ზეწოლებთან, შანტაჟთან, რევოლუციებთან და ა.შ... განა არ მეცალა, რთული იყო ერთდროულად ამდენ პრობლემასთან გამკლავება. დღეს გარედან ამხელა მცდელობაა ომში ჩაგითრიონ, შანტაჟი განახორციელონ, ზეწოლა განახორციელონ, თან მეორე თავსატეხი გაქვს ქვეყნის შიგნით რაღაცებს ბოლომდე მიჰყვე, განა არ მეცალა, მაგრამ ამის რესურსი არ იყო.
მაგრამ დღეს პასუხისმგებელი ვარ, რომ შარშანდელი ივნისიდან პერიოდში, როცა საქართველოს მთავრობაში არსებითად დასრულდა საკადრო ცვლილებები, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, კორუფციის ერთი ფაქტი თუ იქნება დაკავშირებული ზედა ეშელონის პოლიტიკოსებთან, როგორებიც არიან პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები - ერთ ფაქტს თუ ამოიღებთ კორუფციის, გპირდებით, რომ მყისიერად გვექნება უკომპრომისო რეაქცია ყველაფერზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კორუფციასთან ბრძოლა ჯერ კიდევ 2023 წელს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დააანონსა, რამაც შედეგი გამოიღო.
"როცა საუბარია ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ რესურსზე, 2023 წლის დეკემბერში ჩვენ გვქონდა მმართველი პარტიის ყრილობა, [მას] ჰქონდა მიმართვა პარტიის წევრების და საზოგადოების წინაშე, სადაც პირდაპირი მინიშნება გააკეთა კორუფციასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ რეალურად დაიწყო პროცესები, რამაც მიგვიყვანა დღევანდელ შედეგამდე.
ამ პროცესების შედეგია ის, რომ თამამად შემიძლია კონკრეტული განცხადება გავაკეთო: აიღეთ შარშანდელი ივნისიდან პერიოდი, რაზეც სრულად შემიძლია ავიღო პასუხისმგებლობა, და თუ ერთ ფაქტს მოიტანს კორუფციასთან დაკავშირებით, პირადად ვარ პასუხისმგებელი", - ამბობს კობახიძე.
პროკურატურის 2025 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებზე გამოძიების დაწყების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგებულია. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2025 წელს საჯარო სექტორში ჩადენილ კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიება 230 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 155 იყო.
2025 წელს კორუფციის ბრალდებით დაკავებულ თანამდებობის პირებს შორის არიან: ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და სხვები.
BM.GE
წყარო: bm.ge