
ინდოეთმა რუსეთს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა. როგორც ირკვევა, ლიდერებს შორის კონფლიქტის საკითხზე საუბარი ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში შედგა.
მოდიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების ყოველი გაგრძელებული დღე კაცობრიობას უკან ხევს, მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები კი საერთო იმედს აჩენს. ინდოეთის მთავრობის მეთაურის განცხადებით, ოფიციალური ნიუ დელი ყველა სამშვიდობო ინიციატივას მხარს უჭერს.
პუტინს მოდის კომენტართან დაკავშირებით კონკრეტული არაფერი უთქვამს, თუმცა ცნობილია, რომ მოსკოვი საომარი მოქმედებების დასრულებას მხოლოდ საკუთარი პირობებით განიხილავს. ამ პირობებს კი კიევი კატეგორიულად უარყოფს.
ცნობისთვის, ვლადიმირ პუტინი მოდის უახლოეს მომავალში კიდევ ერთხელ შეხვდება. ის 12-13 სექტემბერს დელიში BRICS-ის სამიტს დაესწრება.
BM.GE
წყარო: bm.ge