
კვადრატული მეტრი 100 დოლარად - როგორ ხდება "ჯარის ქალაქში" ბინების გადაცემა?
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრ სოფიო ხორგუანის სადეპუტატო კითხვის პასუხად განმარტა, რა კრიტერიუმებითა და წესით ხდება „ჯარის ქალაქის“ პროექტში სამხედრო მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი ბინების გადაცემა.
ხორგუანმა მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართა და მოითხოვა იმ სამართლებრივი აქტის წარმოდგენა, რომელიც სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემის კრიტერიუმებსა და წესს განსაზღვრავს.
საპასუხოდ, თავდაცვის სამინისტრომ პარლამენტს გადაუგზავნა თავდაცვის მინისტრის 2024 წლის 12 სექტემბრის ბრძანება, რომლითაც „ჯარის ქალაქის“ პროექტის განხორციელების პირობებია განსაზღვრული, ასევე 2025 წლის 24 თებერვლის ცვლილება, რომელმაც ბრძანების ერთ-ერთი დებულება დააზუსტა.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, „ჯარის ქალაქის“ პროექტის მიზანია თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისთვის საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფა.
დოკუმენტის თანახმად, ბენეფიციარის თანადაფინანსების წილი საცხოვრებელი ფართობის თითოეულ კვადრატულ მეტრზე 100 აშშ დოლარს შეადგენს.
პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სამინისტროს სისტემაში მომსახურე უმაღლესი და უფროსი ოფიცრების შემადგენლობას, ასევე მთავარი სერჟანტისა და მასტერ-სერჟანტის საშტატო კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებს. ბენეფიციართა წრეს ასევე მიეკუთვნებიან თავდაცვის მაიორის, ვიცე-პოლკოვნიკის, პოლკოვნიკის, გენერალ-მაიორისა და გენერალ-ლეიტენანტის სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებსაც სამხედრო და სპეციალური წოდებით არანაკლებ 15-წლიანი სამსახური აქვთ გავლილი, მათ შორის მინიმუმ ხუთი წელი თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
ამასთან, პროგრამა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც უკვე არიან ან იყვნენ სამხედრო მოსამსახურეთა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „არმისითის“ წევრები, ასევე აქტიური რეზერვის სამხედრო მოსამსახურეებზე.
ბინის საკუთრებაში მისაღებად აუცილებელია რამდენიმე პირობის ერთდროულად დაკმაყოფილება. მათ შორისაა „ჯარის ქალაქის“ ამხანაგობის წევრობა, ბენეფიციარის მიერ თანადაფინანსების სრულად გადახდა, სამხედრო სამსახურის უწყვეტობა კანონით განსაზღვრული გამონაკლისების გარდა და დასრულებული ბინის ფაქტობრივი გადაცემა.
ბინების ფართობი ოჯახის შემადგენლობის მიხედვით განისაზღვრება. სამხედრო მოსამსახურე ან ერთი შვილის მქონე ოჯახი მიიღებს 50 კვადრატული მეტრის საერთო ფართობის ბინას, ორი შვილის შემთხვევაში გათვალისწინებულია 80 კვადრატული მეტრის ბინა, ხოლო სამი და მეტი შვილის შემთხვევაში – 110 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი ფართი.
თუ სამხედრო მოსამსახურის მეუღლე უკვე არის ან იყო „არმისითის“ წევრი ან თავად წარმოადგენს ამ პროგრამის ბენეფიციარს, საცხოვრებელი ფართობის მაქსიმალური მოცულობა 50 კვადრატული მეტრით განისაზღვრება.
ბრძანება ასევე ადგენს, რომ თუ ბენეფიციარი პროგრამის ერთ ან რამდენიმე პირობას ვერ დააკმაყოფილებს, საცხოვრებელი ფართი მას არ გადაეცემა. ასეთ შემთხვევაში მას დაუბრუნდება ბინის მშენებლობისთვის გადახდილი თანხა იმავე ოდენობით, რა ოდენობითაც იყო გადახდილი ეროვნულ ვალუტაში.
2025 წლის 24 თებერვლის ცვლილებით გაფართოვდა იმ შემთხვევების ჩამონათვალი, როდესაც სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე ბინაზე უფლებას ინარჩუნებს. კერძოდ, შესაბამის საფუძვლებს დაემატა ზღვრული ასაკის მიღწევის გამო სამსახურიდან გათავისუფლება.
ამ დროისთვის ჯარის ქალაქის პროექტის ფარგლებში მახათას მთის მიმდებარედ შენდება 44 საცხოვრებელი კორპუსი, რაც 1232 ბინას მოიცავს. პროექტზე 147 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულებით კომპანია "ანაგი" მუშაობს.
ჯარის ქალაქის მშენებლობა მთავრობამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მისი პირველი ფაზა უკვე ექსპლუატაციაშია შესული. აღნიშნული პროექტი თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა სამშენებლო კომპანია "დელტა მშენებელმა" ააშენა, ჯარის ქალაქის მეორე ფაზისთვის კი, მთავრობამ 2024 წელს ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია "ანაგმა" გაიმარჯვა.
BM.GE
წყარო: bm.ge