მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ლაგუნა ვერე აუცილებლად აღდგება"- როგორ ხედავს Immobiliare თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სივრცის მომავალს
"ლაგუნა ვერე აუცილებლად აღდგება"- როგორ ხედავს Immobiliare თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სივრცის მომავალს

"ლაგუნა ვერე აუცილებლად აღდგება"- როგორ ხედავს Immobiliare თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სივრცის მომავალს

BM.GE9 ივლისი, 2026, 09:42|bm.ge

წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი ლაგუნა ვერე შესაძლოა უახლოეს წლებში კვლავ თბილისის აქტიური ურბანული სივრცის ნაწილი გახდეს. ტერიტორია, რომელიც რამდენიმე თაობისთვის სპორტთან, დასვენებასა და ზაფხულის მოგონებებთან ასოცირდება, კომპანია Immobiliare-ის უფრო ფართო განვითარების კონცეფციის ნაწილია. პროექტების შესახებ DMG Group-ის დამფუძნებელმა კახი ჟორდანიამ BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

კახი ჟორდანია აღნიშნავს, რომ Immobiliare ამჟამად საერთაშორისოდ აღიარებულ ესპანურ არქიტექტურულ ბიუროსთან Ricardo Bofill Taller de Arquitectura-სთან ერთად მუშაობს ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ქარხნების, კოსტავას 49-ისა და ლაგუნა ვერეს ერთიან არქიტექტურულ პროექტზე, რომლის კონცეფციის წარდგენაც წლის ბოლომდე იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარს გადააჭარბებს, ხოლო მისი პირველი ეტაპი უკვე კოსტავას 49-ში მიმდინარეობს, სადაც დაახლოებით 200 მილიონი ლარის ინვესტიცია ხორციელდება.

"კოსტავა 49 გახდება იმ დიდი ტერიტორიის ნაწილი, რომელზეც დღეს უკვე ვმუშაობთ. არქიტექტურულ მიმართულებაზე დაახლოებით სამი თვეა მიმდინარეობს მუშაობა და წლის ბოლომდე უკვე კონცეფციის დონეზე გვინდა, რომ ჩვენი ხედვა საზოგადოებას გავაცნოთ,"- ამბობს კახი ჟორდანია.

ისტორიული შენობების შენარჩუნება პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია

კახი ჟორდანია ამბობს, რომ საკმაოდ მასშტაბური სივრცის განვითარების ახალი კონცეფციის შემუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება ისტორიული შენობების დაცვას ეთმობა.

„ეს ტერიტორია არანაკლებ საპასუხისმგებლოა, რადგან იქაც ისტორიული და უნიკალური შენობებია. მათი შენარჩუნება და ახალი სიცოცხლის მინიჭება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება.“

მისი თქმით, სწორედ ამ მიდგომამ განაპირობა ისიც, რომ პროექტზე კვლავ ესპანური არქიტექტურული ბიურო Ricardo Bofill Taller de Arquitectura მუშაობს, რომელიც უკვე კოსტავას 49-ის არქიტექტურული კონცეფციის ავტორია.

“ლაგუნა ვერე აუცილებლად აღდგება“

კონცეფციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ლაგუნა ვერეს მომავალია. საცურაო აუზი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაკეტილია, პროექტის ფარგლებში კვლავ ფუნქციური უნდა გახდეს.

კახი ჟორდანია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას მისთვის პირადი მნიშვნელობაც აქვს - „აუზი ლაგუნა ვერე, რომელიც სამწუხაროდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ ფუნქციონირებს, აუცილებლად დაუბრუნდება თბილისს.“

მისი თქმით, ლაგუნასთან ბავშვობის მოგონებები აკავშირებს - „ჩემთვის ეს მხოლოდ პროექტი არ არის. მეც ძალიან დიდი სენტიმენტები მაკავშირებს ამ აუზთან, რადგან ბავშვობის დიდი ნაწილი სწორედ აქ მაქვს გატარებული.“

კახი ჟორდანია აღნიშნავს, რომ სწორედ ამიტომ მიიჩნევს ამ სივრცის აღდგენას ერთ-ერთ მთავარ ამოცანად.

„შემიძლია ქალაქს შევპირდე, რომ ლაგუნა ვერე აუცილებლად აღდგება.“

ექსკლუზიური ინტერვიუ კახი ჟორდანიასთან - DMG Group-ის და Immobiliare-ს დამფუძნებელთან

საცხოვრებელი, სარეკრეაციო, კომერციული და სპორტული ინფრასტრუქტურა

კახი ჟორდანია აღნიშნავს რომ, განვითარების კონცეფცია რამდენიმე ფუნქციურ ზონად დაიყოფა.

ზედა ნაწილი, რომელიც კოსტავას ქუჩას უკავშირდება, საცხოვრებელ ფუნქციას შეიძენს და გააერთიანებს როგორც კოსტავას 49-ს, ისე მომიჯნავე ტერიტორიას.

„ეს ნაწილი სრულად საცხოვრებელი იქნება. აქ 10 000 კვადრატულ მეტრზე მეტი გამწვანებული და რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. მანქანები ამ ტერიტორიაზე არ დაიშვება და ის მთლიანად ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი.“

ქვედა ნაწილი კი მრავალფუნქციური განვითარების პრინციპით დაიგეგმება.

„ქვედა ტერიტორია ორ ნაწილად გაიყოფა. აქ განთავსდება თანამედროვე სპორტული კომპლექსი, კომერციული სივრცეები, ბიზნესცენტრი და ლაგუნა ვერეს ახალი ინფრასტრუქტურა.“

კომპანიის ხედვით, სპორტული, კომერციული და საზოგადოებრივი ფუნქციები ერთ სივრცეში გაერთიანდება.

„დღეს ორი პროექტი გვაქვს, რომლებზეც მთლიანად ვართ კონცენტრირებული — კოსტავას 49 და მიმდებარე ტერიტორია. თუმცა ყოველდღიურად ვმუშაობთ ახალ შესაძლებლობებზეც.“

მისი თქმით, ორივე პროექტი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული და ერთიან ურბანულ კონცეფციას შექმნის.

„კოსტავას 49 უკვე იმ დიდი განვითარების ნაწილია, რომელსაც დღეს ვამუშავებთ.“

მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია

ჟორდანიას ინფორმაციით, კოსტავას 49-ის განვითარების შემდეგ მთავარი საინვესტიციო რესურსი მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს.

„კოსტავას 49-ის პროექტი დაახლოებით 200 მილიონ ლარს მოითხოვს. რაც შეეხება კოსტავა 69-ს, მისი დასრულების შემდეგ პროექტის ჯამური ღირებულება მილიარდ ლარს გადააჭარბებს.“

ამ ეტაპზე არქიტექტურულ კონცეფციაზე მუშაობა მიმდინარეობს, ხოლო კომპანიის ინფორმაციით, მისი პრეზენტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

თუ პროექტი წარმოდგენილი ხედვის შესაბამისად განხორციელდება, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ისტორიული ინდუსტრიული შენობები, ლაგუნა ვერე და ახალი საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე სივრცე ერთიანდება, შესაძლოა თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ურბანულ განვითარების პროექტად იქცეს. პროექტის ავტორების განცხადებით, კონცეფციის საფუძველი ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, თანამედროვე არქიტექტურის ინტეგრაცია და მრავალფუნქციური საჯარო სივრცეების შექმნა იქნება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს რკინიგზამ 200 ვაგონის შესასყიდად გამოცხადებული ₾29-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა

საქართველოს რკინიგზამ 200 ვაგონის შესასყიდად გამოცხადებული ₾29-მილიონიანი ტენდერი შეწყვიტა

BM.GE

"ლენდლორდის" მოდელი ფინანსურად უფრო ძლიერი სახელმწიფოებისთვისაა აპრობირებული - ცაგარეიშვილი

"ლენდლორდის" მოდელი ფინანსურად უფრო ძლიერი სახელმწიფოებისთვისაა აპრობირებული - ცაგარეიშვილი

BM.GE

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის

BM.GE

5 წელია, ვარკეთილის მეტროსადგური ვერ გაარემონტეს… არ მჯერა, რომ "ოცნება" ანაკლიას ააშენებს|ეკონომისტი

5 წელია, ვარკეთილის მეტროსადგური ვერ გაარემონტეს… არ მჯერა, რომ "ოცნება" ანაკლიას ააშენებს|ეკონომისტი

BM.GE