
"მაიკლი 2": მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმის გაგრძელებაზე მუშაობა მალე დაიწყება
მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმი, რომლის შემოსავლებმაც 1 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, გაგრძელებას ოფიციალურად მიიღებს. ფილმზე მუშაობა 2026 წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში დაიწყება. ბიოგრაფიული ფილმის გაგრძელებაზე კი კინოსტუდია Lionsgate-ი მუშაობს.
Lionsgate-ის ხელმძღვანელის, ადამ ფოგელსონის განცხადებით, სტუდია გადაღებების დაწყებას მიმდინარე წლის ბოლოს ან 2027 წლის დასაწყისში გეგმავს, ხოლო პრემიერა 2027 წლის ბოლოს ან 2028 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.
"ჩვენ გვაქვს რამდენიმე სცენა, განსაკუთრებით მასშტაბური მუსიკალური ნომრები, რომლებიც ადრე გადავიღეთ და მათ ახალ ფილმში აუცილებლად გამოვიყენებთ. ამჟამად ფოკუსირებული ვართ იმაზე, რომ მაყურებელს საუკეთესო გაგრძელება შევთავაზოთ, რადგან პირველი ფილმის შემდეგ ისინი ამას ნამდვილად იმსახურებენ", - განაცხადა ფოგელსონმა კვარტალური ანგარიშის წარდგენისას.
ფოგელსონმა მსგავსი მოლოდინები მანამდეც გამოთქვა და აღნიშნა, რომ ჯექსონის ცხოვრება და მუსიკალური მემკვიდრეობა, ბრალდებების მიღმა, იმდენად დიდია, რომ ის კიდევ ერთ სრულფასოვან ფილმს ეყოფა.
პირველი ფილმი, სადაც მთავარ როლს მომღერლის ძმისშვილი, ჯაფარ ჯექსონი ასრულებს, კინოგაქირავების ტრიუმფად იქცა და გლობალურად 1 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა. ივნისში მან "ბოჰემურ რაფსოდიას" (Bohemian Rhapsody) გადაასწრო და ისტორიაში შემოსავლიანი მუსიკალური ბიოგრაფიული ფილმი გახდა.
ამ ეტაპზე უცნობია, თუ ჯექსონის ცხოვრების რომელ პერიოდს დაეთმობა მეორე ფილმი, ან დაუბრუნდება თუ არა რეჟისორის სკამს ანტუან ფუკუა.
BM.GE
წყარო: bm.ge