
McKinsey-მ 2026 წლის გლობალური ტექნოლოგიური ტრენდების ანგარიში გამოაქვეყნა
საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია McKinsey-მ ტექნოლოგიური ტენდენციების ყოველწლიური, რიგით მეექვსე გლობალური კვლევა წარადგინა.
McKinsey-ს ექსპერტების შეფასებით, 2026 წელს ციფრული ინოვაციები ეკრანებიდან რეალურ ფიზიკურ სამყაროში გადავიდა და ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირებამ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.
ანგარიშში გაანალიზებული 14 წამყვანი მიმართულებიდან ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზე მყოფ ენერგეტიკული ტექნოლოგიების სექტორში კაპიტალის შემოდინებამ 2025 წელს თითქმის $200 მილიარდი შეადგინა.
ამასთან, ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე მიმართული დანახარჯები ერთ წელიწადში გაორმაგდა. McKinsey-ს ექსპერტების შეფასებით, საკვანძო კითხვა ამჟამად მხოლოდ ტექნოლოგიის პოტენციალს აღარ ეხება და მთავარ გამოწვევად რეალურ სამყაროში სისტემების დასანერგად საჭირო აპარატურის შექმნა რჩება.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტექნოლოგიურ სექტორში მანქანური სისტემების დამოუკიდებლობის ხარისხი საგრძნობლად გაიზარდა. თუ ადრე ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დოკუმენტების მომზადებითა და მონაცემების შეჯამებით შემოიფარგლებოდა, ახლა ის რთულ ციფრულ დავალებებს დამოუკიდებლად ასრულებს.
რაც შეეხება ფიზიკურ ხელოვნურ ინტელექტს, მისი გავრცელება წელს წარმოებისა და ლოგისტიკის სექტორში განსაკუთრებით დაიწყო. საწარმოებში მომუშავე სისტემებმა ადამიანების ჩარევის გარეშე, სრულიად დამოუკიდებლად შეძლეს რთული სამრეწველო საქონლის დამზადება.
ხელოვნური ინტელექტი განვითარდა სამედიცინო მიმართულებითაც. ბიოფარმაციაში სისტემას უკვე ათასობით პოტენციური მედიკამენტის შერჩევა უმოკლეს დროში შეუძლია, თუმცა ლაბორატორიულ და კლინიკურ კვლევებს სრულფასოვნად კვლავ ვერ ახერხებს.
რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას, კოდის წერის მხრივ ალგორითმები იმაზე სწრაფად მუშაობენ, ვიდრე უსაფრთხოების გუნდები მის შემოწმებასა და გამართვას ასწრებენ.
McKinsey-ს ექსპერტები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ კიბერუსაფრთხოების სფეროში თავდაცვის შრეების შექმნისთვის განკუთვნილი დროის ფანჯარა კრიტიკულად შემცირდა. მათი შეფასებით, კიბერუსაფრთხოების მოწყვლადობა ონლაინ პლატფორმების 75%-ზე მეტს შეეხო და მათი დაფარული ინფორმაციის გასაჯაროების რისკები მკვეთრად გაზარდა.
როგორც საკონსულტაციო კომპანიაში აღნიშნავენ, ამჟამად ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის სერიოზულ გამოწვევად ენერგოსისტემების შეზღუდული შესაძლებლობებია ქცეული. ექსპერტების პროგნოზით, მხოლოდ აშშ-ში მდებარე მონაცემთა ცენტრები 2030 წლისთვის იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარენ, რამდენსაც ამჟამად მთელი კალიფორნიის შტატი მოიხმარს. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების გამო ტრანსფორმატორების შეძენის პერიოდი 2 წელზე მეტითაა გაზრდილი, ეს კი გლობალურ ქსელში 2,500 გიგავატზე მეტი სიმძლავრის პროექტის განხორციელებას აფერხებს. შესაბამისად, ამით ფერხდება თავად AI-ს განვითარებაც, რადგან ის მონაცემთა ცენტრებზეა სრულად დამოკიდებული.
რაც შეეხება კადრებზე მოთხოვნას, McKinsey-ში აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიურ სექტორში მკვეთრი დისპროპორცია ფიქსირდება. კავშირგაბმულობის, კიბერუსაფრთხოების, ენერგეტიკისა და მობილობის მიმართულებით ვაკანსიების ნახევარზე მეტი საოპერაციო და კომერციულ პოზიციებზე მოდის, ხელოვნური ინტელექტის სეგმენტში კი სამუშაო ადგილების 75%-ზე მეტს კვლავ კვლევისა და განვითარების სფერო მოიცავს.
საკონსულტაციო ჯგუფმა შეაფასა ის მიმართულებებიც, რა კუთხითაც ხელოვნური ინტელექტის განვითარება ძლიერდება. McKinsey-ს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ წელს ამ მხრივ უდიდესი წინსვლა აგენტურ AI-ს ჰქონდა. ეს ტექნოლოგია კოდის დაწერის, ტესტირებისა და ხარვეზების გასწორების პროცესს უკვე დამოუკიდებლად წარმართავს და ინჟინრებს სისტემების ზედამხედველებად აქცევს. ექსპერტები ამ ფაქტსა და აგენტური ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის $9.9 მილიარდამდე გაზრდას შორის პირდაპირ კავშირს ხედავენ.
McKinsey-ში აღნიშნავენ, რომ 2026 წელს სამეცნიერო კვლევებისა და ინჟინერიისთვის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის სეგმენტში მნიშვნელოვანი პროგრესიც დაფიქსირდა. ახალი მოდელები ქიმიის, ფიზიკისა და კლიმატური მეცნიერებების სფეროში ჰიპოთეზების გენერირებასა და ექსპერიმენტების ავტომატიზაციას გაცილებით ეფექტურად. ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულების გაძლიერებას ხელი შეუწყო 2025 წელს კაპიტალური დაბანდებების $7.9 მილიარდამდე გაზრდამ და სამუშაო ადგილების 18%-ით გაფართოებამ.
რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურასა და მოდელების არქიტექტურას, ეს მიმართულება ინვესტორთა ინტერესის ცენტრში წელსაც დარჩა. ფუნდამენტური მოდელების, მონაცემთა ცენტრებისა და გამოთვლითი ქსელების სექტორში ინვესტიციებმა $145 მილიარდი შეადგინა, ვაკანსიების რაოდენობა კი 47%-ით გაიზარდა.
McKinsey-ის მკვლევრების შეფასებით, გამოთვლითი სიმძლავრეებისა და უსაფრთხოების სფეროში ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია წელსაც აქტიურად გრძელდება. სპეციალიზებული ნახევარგამტარების ბაზარზე ინვესტიციების მოცულობამ უკვე $41.6 მილიარდს მიაღწია, ვაკანსიების კი 22%-ითაა გაზრდილი. AI-ს განვითარებას ხელს უწყობს ისიც, რომ მწარმოებელმა კომპანიებმა უშუალოდ ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მორგებული ახალი თაობის ჩიპების დამზადება დაიწყეს.
ყველა სხვა მიმართულების გაძლიერების ფონზე, დასუსტდა ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების სექტორი, სადაც ინვესტიციების მოცულობა $6.4 მილიარდამდე შემცირდა, სამუშაო ადგილების რაოდენობამ კი 12%-იანი კლება დააფიქსირა. როგორც McKinsey-ში განმარტავენ, ინდუსტრია ტრადიციული მოწყობილობებიდან ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ჭკვიან სათვალეებსა და ყოველდღიურ გაჯეტებზე გადაერთო. ამასთან, კვანტური ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციები $13.3 მილიარდამდე გაიზარდა.
კვლევით ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ AI-ს გაძლიერების ფონზე რობოტექნიკის განვითარებამ ახალი იმპულსი შეიძინა. უახლესი სენსორებით აღჭურვილმა რობოტებმა საწყობებში, საავადმყოფოებსა და სავაჭრო ობიექტებში ადამიანების გვერდით უსაფრთხოდ მუშაობა დაიწყეს. წელს ამ შედეგის მიღწევაზე დიდი გავლენა რობოტექნიკის სექტორში ინვესტიციების $19.5 მილიარდამდე გაზრდამ განაპირობა.
რაც შეეხება მობილობის სექტორს, ელექტრომობილების, თვითმართვადი ტრანსპორტისა და საქალაქო ავიაციის სეგმენტში საინვესტიციო ნაკადები წელს $63.5 მილიარდამდეა გაზრდილი. მართალია, ამ მიმართულებით ვაკანსიების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით 11%-ითაა შემცირებული, თუმცა McKinsey-ში არ მოელიან, რომ ეს მკვეთრ გავლენას იქონიებს ინდუსტრიაზე.
ცნობისთვის, McKinsey-ს ანგარიში პატენტების, სამეცნიერო პუბლიკაციების, მედიისა და საძიებო სისტემების რაოდენობრივ ანალიზს ეფუძნება. კვლევის ფარგლებში ავტორებმა ბიზნესის ლიდერებთან, ინვესტორებთან და პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებთან სიღრმისეული ინტერვიუებიც ჩაატარეს.
BM.GE
წყარო: bm.ge