
Meta-ს ახალი AI ასისტენტი Muse-ის გადმოწერებმა რეკორდულ 5 მილიონს გადააჭარბა
Meta-ს ხელოვნური ინტელექტის პერსონალურმა ასისტენტმა Muse-მა მომხმარებლებში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. გაშვებიდან ერთ თვეზე ნაკლებ დროში, AI ასისტენტის ჩამოტვირთვების რაოდენობამ უკვე 5 მილიონს გადააჭარბა - მობილური აპლიკაციების ანალიტიკური კომპანია Sensor Tower-ის მონაცემებით, აპლიკაციამ ამ ნიშნულს 1 ოქტომბერს მიაღწია.
Muse-მა 5 მილიონი ჩამოტვირთვა სულ რაღაც 3 კვირაში დააგროვა, რაც ბევრად უფრო სწრაფი ტემპია, ვიდრე ბაზარზე უკვე დამკვიდრებული ისეთი პლატფორმების მაჩვენებლები, როგორებიცაა OpenAI-ს ChatGPT, Anthropic-ის Claude და ილონ მასკის Grok. ChatGPT-ს 5 მილიონი ჩამოტვირთვისთვის 56 დღე დასჭირდა, Claude-ს - 103 დღე, ხოლო Grok-ს - 492 დღე.
ამჟამად აპლიკაცია Muse პირველ პოზიციას იკავებს და როგორც Apple-ის App Store-ის, ისე Google Play-ს რეიტინგების სათავეშია.
Sensor Tower-ის ცნობით, მართალია Muse-მა AI აპლიკაციებს შორის ჩამოტვირთვების რეკორდი დაამყარა, თუმცა ზოგად აპლიკაციებს შორის ის ისტორიულ რეკორდსმენად ვერ ჩაითვლება: სტრიმინგის სერვისებმა (Disney+, HBO Max), თამაშებმა (Candy Crush, Pokémon Go, Fortnite) და თავად Meta-ს სოციალურმა პლატფორმა Threads-მაც კი ამავე დროში 5 მილიონზე მეტი ჩამოტვირთვა დააგროვეს.
Muse პერსონალური AI აგენტია, რომელიც Meta-ს ხელოვნური ინტელექტის მიმართულების ხელმძღვანელის, ალექსანდრ ვანგის გუნდის მიერ შემუშავებულ უახლეს მოდელებზეა აგებული. ის ჩატის ინტერფეისით მუშაობს, რაც ტექსტურ მიმოწერას ჰგავს.
ახალი სისტემა სტანდარტულ ჩეთბოტებზე გაცილებით პროაქტიური და გრძელვადიანი ამოცანების შემსრულებელია. მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარ აგენტს სახელი დაარქვან, შექმნან მისი ავატარი და მოარგონ კომუნიკაციის სტილი. Muse Meta-ს ღრუბლოვან სერვერზე გამოყოფილ ვირტუალურ მანქანაში მუშაობს და ჩაშენებულ ბრაუზერს იყენებს, რომლის ქმედებებსაც მომხმარებელი ეკრანზე პირდაპირ ხედავს.
Meta მომხმარებლებს სთავაზობს როგორც უფასო, ისე ორ ფასიან პაკეტს - თვეში 20 და 100 დოლარად.
მომხმარებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას ყველაფრის გაკეთება უფასო პაკეტითაც შეეძლება, - განუცხადა ვანგმა გამოცემა Axios-ს. თუმცა განსაკუთრებით აქტიური მომხმარებლებისთვის ეს სააბონენტო დონეები გამოთვლითი სიმძლავრეების ხარჯების დაფარვაში გვეხმარება.
Muse-ში რეკლამა არ არის, თუმცა ვანგის თქმით, კომპანია კომერციულ შესაძლებლობებს იკვლევს, რამაც შესაძლოა დამატებითი შემოსავალი მოიტანოს.
საწყის ეტაპზე Muse ხელმისაწვდომია აშშ-ში და მუშაობს iOS-ზე, Android-სა და ვებვერსიაში, მალე კი მას Meta-ს ჭკვიანი სათვალეების (AI glasses) მხარდაჭერაც დაემატება.
BM.GE
წყარო: bm.ge