
მთავრობამ ენერგეტიკის მხარდამჭერი GREDA-ს კანონპროექტი საშემოდგომო სესიაზე მისაღები კანონების გეგმიდან ამოიღო
მთავრობამ ენერგეტიკის მხარდამჭერი GREDA-ს კანონპროექტი ჯერ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე მისაღები კანონების სიაში ჩასვა, მაგრამ საშემოდგომო სესიაზე განსახილველი და დასამტკიცებელი საკანონმდებლო აქტების გეგმიდან ამოიღო.
საუბარია საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციის (GREDA) ინიციატივით და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობის მომზადებულ კანონპროექტზე, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორ უნდა გაინაწილონ განახლებადი ენერგიის პროექტებიდან (მზე, ქარი, ჰიდრო) მიღებული სარგებელი ინვესტორმა, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა და იმ დასახლებამ, სადაც ელექტროსადგური შენდება. კანონპროექტის მიზანია, განახლებადი ენერგიის პროექტების მდგრადი განვითარებისთვის ხელშეწყობა.
საქმე ის არის, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში, რომელიც მიმდინარე წელის თებერვალში წარედგინა პარლამენტს, იყო „განახლებადი ენერგიის პროექტებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის დასახლებაზე განაწილების შესახებ“ კანონპროექტიც, თუმცა უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ისე დაასრულა მუშაობა, რომ მთავრობას (ეკონომიკის სამინისტროს) კანონპროექტი პარლამენტში არ შეუტანია და შესაბამისად, არც მიუღიათ.
რაც შეეხება საშემოდგომო სესიის პერიოდში პარლამენტის საქმიანობის მოკლევადიან გეგმას, GREDA-ს კანონპროექტი ჩამონათვალში საერთოდ აღარაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მინისტრების და მოადგილეების ცვლილებების მიუხედავად, მუდმივად ირწმუნება, რომ ნამახვანის, ასევე, ხუდონისა და ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტების შესარჩევად აქტიურად მუშაობს, მაგრამ შედეგი, ჯერჯერობით, არ ჩანს.
მიმდინარე წლის აგვისტოში, მთავრობის ენერგეტიკულ ხედვასთან და გეგმებთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად, ეკონომიკის სამინისტროდან გამოგზავნილ წერილობით პასუხშიც იყო საუბარი GREDA-ს კანონპროექტზე, როგორც მხარდამჭერ მექანიზმზე, თუმცა ფაქტია, მთავრობის კანონშემოქმედების საქმიანობის შემოდგომის გეგმაში საკანონმდებლო ინიციატივა ვერ მოხვდა.
„განახლებადი ენერგიის პროექტებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის დასახლებაზე განაწილების შესახებ“ კანონპროექტი განახლებადი ენერგიის რესურსებიდან წარმოშობილი გრძელვადიანი სარგებლის პირდაპირ, სამართლიან და ეფექტიან გამოყენებას ითვალისწინებს იმ დასახლებებში, სადაც ენერგეტიკული პროექტები განხორციელდება.
ქონების გადასახადებიდან სოლიდური თანხების მობილიზება ადგილობრივი დასახლებების განვითარებისთვის ასევე ხელს შეუწყობს ინვესტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის კომუნიკაციას და გაზრდის ინტერესს ახალი ელექტროსადგურების პროექტების მიმართ”, - აცხადებდნენ ეკონომიკის სამინისტროში.
BMG-მ შესაბამისი კითხვებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს მიმართა, მაგრამ პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ჯერჯერობით, ამ თემაზე კომენტარს არც ენერგეტიკის ბიზნესში აკეთებენ.
BM.GE
წყარო: bm.ge