
ორივე კომპანია, რომლებიც ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტირების ტენდერში მონაწილეობდა, დისკვალიფიცირებულია
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის, იგივე ფილარმონიის სრული რეაბილიტაციის დეტალური პროექტირების ტენდერში მონაწილე ორივე პრეტენდენტი დისკვალიფიცირდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ 4.44 მილიონი ლარის ღირებულების კონკურსში მონაწილე ამხანაგობებმა ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამო კონკურსი დატოვეს.
ტენდერი, რომლის სავარაუდო ღირებულება 4 443 750 ლარს შეადგენდა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2026 წლის იანვარში გამოაცხადა. პროექტი ითვალისწინებს ფილარმონიის შენობის სრულ რეაბილიტაციას, საინჟინრო სისტემების განახლებას, თანამედროვე სტანდარტებთან ადაპტაციასა და შენობის ისტორიული იერსახის შენარჩუნებას.
პროექტირების ფარგლებში უნდა მომზადებულიყო სარეაბილიტაციო პროექტი, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, შენობის მოვლა-პატრონობის გზამკვლევი და განხორციელდეს საავტორო ზედამხედველობა. დაგეგმილია სასცენო ინფრასტრუქტურის განახლება, აკუსტიკური სისტემების გაუმჯობესება, საინჟინრო კომუნიკაციების ჩანაცვლება, ლიფტების მოდერნიზაცია, უსაფრთხოების სისტემების მოწყობა და შენობის სრულად ადაპტირება განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.
კონკურსში მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა მიიღო: ამხანაგობა „ნს სტუდიო და აკუკონმა“, რომელმაც 4.44 მილიონი ლარის ფასი წარადგინა და ერთობლივმა საქმიანობის ამხანაგობა „ელდიეი სტუდიომ“, რომლის შეთავაზება 4.2 მილიონ ლარს შეადგენდა.
სატენდერო კომისიამ ორივე მონაწილე კომპანიას დისკვალიფიკაცია მიანიჭა.
„ნს სტუდიო და აკუკონის“ დისკვალიფიკაციის მიზეზები
კომისიამ ამხანაგობის წევრი კომპანიის, ფინური Akukon Oy-ის გამოცდილების შეფასებისას რამდენიმე შეუსაბამობა გამოავლინა.
ერთ-ერთ საკვანძო საკითხს წარმოადგენდა ფინეთში მდებარე კულტურის ცენტრის „ლოგომოს“ (Logomo) პროექტი. პრეტენდენტმა წარადგინა კომპლექსის დირექტორის წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ დიზაინის პროცესი 2011 წელს დაიწყო, ხოლო მშენებლობა 2020 წელს დასრულდა. თუმცა, კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ინფორმაცია კონკრეტულად ვერ ადასტურებდა საპროექტო მომსახურების განხორციელების პერიოდს.
ასევე, წერილში დარბაზის ტევადობა მითითებული იყო 1100-დან 3000-მდე ადგილით, რის გამოც კომისიამ ვერ დაადგინა მაყურებელთა ზუსტი რაოდენობა.
კომისიამ შენიშვნები გამოთქვა ასევე „პალანგასა“ და „ნოკია არენას“ საკონცერტო დარბაზების პროექტებთან დაკავშირებით. კონკურსის პირობებით მოთხოვნილი იყო დამკვეთის მიერ გაცემული დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებდა პროექტების ვადებს, მოცულობასა და შესრულებულ სამუშაოებს.
თუმცა, წარმოდგენილი იყო თავად საპროექტო კომპანიის, Akukon Oy-ის აღმასრულებელი დირექტორის წერილი, რაც კომისიამ დამადასტურებელ დოკუმენტად არ ჩათვალა, რადგან კომპანია პროექტის შემსრულებელი იყო და არა დამკვეთი.
გარდა ამისა, კომისიამ ვერ დაადასტურა აკუსტიკის სპეციალისტის გამოცდილება. წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა, რომ სპეციალისტს ჰქონდა მინიმუმ სამი, 2500-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზის პროექტირების გამოცდილება.
„ელდიეი სტუდიოს“ დისკვალიფიკაციის მიზეზი
მეორე პრეტენდენტის, ამხანაგობა „ელდიეი სტუდიოს“ შემთხვევაში, კომისიის მთავარი შენიშვნა ტექნიკური შეთავაზების არსებით ცვლილებას შეეხებოდა.
კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით, გამოცდილების მოთხოვნებს ერთობლივად აკმაყოფილებდნენ ამხანაგობის წევრები, მათ შორის შპს „დემარკი“ და შპს „ელესჯი სოლუშენსი“.
თუმცა, დაზუსტების ეტაპზე ამხანაგობამ განმარტა, რომ შესაბამის გამოცდილებას სრულად ფლობდა მხოლოდ „დემარკი“, ხოლო „ელესჯი სოლუშენსი“ ტექნიკურ და მატერიალურ მხარდაჭერას უზრუნველყოფდა.
სატენდერო კომისიამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება უკვე წარმოადგენდა არა ტექნიკური ხარვეზის დაზუსტებას, არამედ ახალი შინაარსობრივი შეთავაზების წარდგენას, რაც კონკურსის ამ ეტაპზე დაუშვებელია.
კომისიამ ასევე ვერ დაადასტურა „პალანგასა“ და „ნოკია არენას“ პროექტებთან დაკავშირებული გამოცდილება. წარმოდგენილი სარეკომენდაციო წერილებითა და საჯარო ინფორმაციით ვერ დგინდებოდა პროექტების ზუსტი ვადები და დარბაზების ტევადობა, ამასთან, დოკუმენტები დამკვეთის ნაცვლად სხვა პირების მიერ იყო ხელმოწერილი.
შენიშვნები შეეხო ძირითად სპეციალისტებსაც. კომისიის შეფასებით, წარმოდგენილი დოკუმენტაციით არ დასტურდებოდა რამდენიმე ინჟინრის გამოცდილება 2500-ზე მეტ მაყურებელზე გათვლილი საკონცერტო დარბაზების პროექტირებაში.
სატენდერო კომისიის ოქმის თანახმად, მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა ელექტროობის ინჟინრის და გათბობა-გაგრილება-ვენტილაციის მიმართულების სპეციალისტის გამოცდილების დადასტურება.
BM.GE
წყარო: bm.ge