
"პროცესი დაიძრა" - რა ეტაპზეა Air Georgia-ს სამგზავრო ტერმინალის პროექტი?
ავიაკომპანია Air Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არეალში ახალი სამგზავრო ტერმინალის განვითარებას გეგმავს.
პროექტის სტატუსის შესახებ ავიაკომპანია Air Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა. მისი ინფორმაციით, აგვისტოში ალბანელ ინვესტორთან მემორანდუმი გაფორმდა.
"ჩვენი კონცეფციაა, რომ ჰაბის პრინციპით, საკუთარ ტერმინალში მოხდეს ისეთი ყოველდღიური ბმები პირდაპირი მიმართულებებით (თუნდაც თბილისი-ნიუ-იორკი, თბილისი-ტოკიო, თბილისი-სინგაპური), სადაც ხელს არ ვუშლით TAV Georgia-ს განვითარდეს თავისი კონცეფციით.
აგვისტოში ვიყავი ინვესტორებთან ალბანეთში. ეს არის ძლიერი ჯგუფი Kastrati, რომელიც არის ასეთი წამყვანი კომპანია ალბანეთში და აგრეთვე მელანია ტრამპის პარტნიორი, მაიამიში ერთად აკეთებენ სასტუმროს. ახლა ჩვენ შემოგვყავს საქართველოში, აქვთ ძალიან დიდი გეგმები, არა მარტო ტერმინალის მშენებლობაა, აგრეთვე ნავთობბაზები, მომსახურება და კიდევ სხვა რიგი ინფრასტრუქტურაში აპირებენ ინვესტირებას. გამოთქვეს სურვილი 150 მილიონი დოლარის ინვესტიცირების და მზად არიან მეტიც ჩადონ, უბრალოდ პროექტზე არის დამოკიდებული, თუ რამდენი იქნება საჭირო ჩასადები. მთავარი არის ის, რომ მათ გამოთქვეს სურვილი, ჩვენ ვიყავით და მოვაწერეთ უკვე მემორანდუმს ხელი. სანამ მემორანდუმს ხელს მოვაწერდით, ჩვენ გვქონდა შეხვედრა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან. ჩვენ გავიაზრეთ ეს საკითხები და დავუსვით საკითხი, რომ: აქვს თუ არა საშუალება ეროვნულ ავიახაზებს თავისი ტერმინალი გააკეთოს? და, რა თქმა უნდა, მივიღეთ დადებითი პასუხი, რომ არანაირ კონფლიქტში არ შევდივართ ჩვენ არც მთავრობასთან, არც TAV Georgia-სთან. პირიქით, მიესალმებიან, რომ ეროვნულ ავიახაზებს თავისი, საკუთარი ტერმინალი ჰქონდეს. გვითხრეს, რა გინდათ მთავრობისგანო? მე ვუთხარი: არც თანხები, არც სუბსიდია, უბრალოდ გვინდა, რომ მოხდეს კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურებთან, რომ ჩვენ განვახორციელოთ ინვესტიციები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. მიწა გვაქვს, თუმცა არ არის საკმარისი 6 ჰექტარზე რომ გავიდეთ, კიდევ დამატებით საჭიროა, რომ მიწის ფართობი შევიძინოთ და ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს მემორანდუმი.
პროცესი დაიძრა, მემორანდუმს ხელი მოწერილი აქვს. ახლა ჩვენ ველოდებით სექტემბრის ბოლო, ალბანელებს უნდათ ჩამოსვლა, უნდა გაფორმდეს ერთობლივი ხელშეკრულება საქართველოში და ჩვენ უნდა დავაორგანიზოთ შეხვედრა მთავრობასთან, სადაც მოხდება უკვე შემდეგი ნაბიჯის გადადგმა და კონკრეტიკაზე საუბარი",- ამბობს გიორგი კოდუა.
BM.GE
წყარო: bm.ge