
რკინიგზამ ვაგონები პირველად შუამავლის გარეშე შეიძინა, მწარმოებელი სანქცირებული არაა - განცხადება
საქართველოს რკინიგზა 200 ახალ ნახევარვაგონს რუსული „როსლავსკის ვაგონმშენებელი ქარხნისგან“ (АО „Рославский ВРЗ“) პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს. საქართველოს რკინიგზა კონტრაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიუთითებს, რომ მწარმოებელი სანქცირებული არაა, ხოლო ეს გარიგება არის პირველი, როდესაც რკინიგზა ვაგონებს შუამავალი კომპანიის გარეშე ყიდულობს.
„საქართველოს რკინიგზა ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანიამ 200 ახალი სატვირთო ვაგონის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება სანქცირებულ კომპანიასთან გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება - კომპანია, რომელთანაც საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება გააფორმა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სანქცირებული არ არის“, - ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ 2026 წლის 27 აგვისტოს მიიღო. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაციის მიხედვით, 200 ნახევარვაგონის შესყიდვის ღირებულება 9.6 მილიონი დოლარია, დღგ-ის გარეშე. შესაბამისად, ერთი ვაგონის ფასი 48 ათასი დოლარია.
ხელშეკრულების მიხედვით, ვაგონების მიწოდება მისი გაფორმებიდან 60 კალენდარულ დღეში უნდა განხორციელდეს. ანგარიშსწორება რუსულ რუბლებში მოხდება, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, შესყიდვის პირობები კომპანიას რამდენიმე მიმართულებით განსხვავებულ პირობებს სთავაზობს.
„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს რკინიგზამ სატვირთო ვაგონები შუამავალი კომპანიის გარეშე, უშუალოდ მწარმოებელი ქარხნისგან შეიძინა. შუამავალი რგოლის გამორიცხვამ, მნიშვნელოვნად შეამცირა შესყიდვის ხარჯები და კომპანიას ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობა მისცა“, - აცხადებს კომპანია.
რკინიგზის განმარტებით, შესყიდვა კონკურენტული პროცედურის საფუძველზე განხორციელდა და სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდათ.
„შესყიდვა გამჭვირვალე და კონკურენტული პროცედურის საფუძველზე განხორციელდა. სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებს მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდათ, რამაც ჯანსაღი კონკურენციის პირობები უზრუნველყო და შესაბამისად, საქართველოს რკინიგზამ ფასისა და ხარისხის თვალსაზრისით, საუკეთესო შეთავაზება შეარჩია“, - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიის ინფორმაციით, ხელშეკრულებით თითოეული სატვირთო ვაგონის საექსპლუატაციო ვადა 32 წელია, მაშინ როდესაც შესყიდვის პირობებში 22-წლიანი ვადა იყო გათვალისწინებული. ამასთან, მიწოდების ვადა მოკლეა და საქართველოს რკინიგზას საავანსო თანხის გადახდის ვალდებულება არ აქვს.
„განსაკუთრებით აღსანიშნავია შესყიდვის ფასი - საქართველოს რკინიგზას სატვირთო ვაგონები ასეთ დაბალ ფასად ათწლეულებია არ შეუძენია. მიღებული შედეგი მაღალი კონკურენციის პირობებში ჩატარებული გამჭვირვალე შესყიდვისა და შუამავალი რგოლის გამორიცხვის ეფექტიანობაზე მიუთითებს“, - აცხადებს კომპანია.
მწარმოებელი „როსლავსკის ვაგონმშენებელი ქარხანა“ რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ როსლავში მდებარეობს. ქარხნის ვებგვერდის მიხედვით, მისი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სატვირთო სარკინიგზო ვაგონების წარმოება და შეკეთებაა. საწარმოში ასევე იწარმოება ვაგონების ძირითადი კომპონენტები. 2024 წელს ქარხანამ ბორბლური წყვილების ღერძების წარმოების მიმართულება გახსნა, ხოლო 2025 წლის ოქტომბერში სატვირთო ვაგონების წარმოებისთვის ახალი საამქრო ამოქმედდა.
200 ვაგონის პირდაპირ შესყიდვას წინ უძღოდა რამდენიმე უშედეგო შესყიდვის მცდელობა. 2026 წლის 8 ივლისს საქართველოს რკინიგზამ 200 სატვირთო ვაგონის შესაძენად დაახლოებით 29 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, თუმცა პროცედურა იმავე დღეს შეწყვიტა.
მანამდე, 2026 წლის 24 თებერვალს, კომპანიამ 120 სატვირთო ვაგონის შესაძენად 17.4 მილიონი ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა ოთხივე დისკვალიფიცირდა. 2023 წლის დეკემბერში 300 სატვირთო ვაგონის შესაძენად გამოცხადებულ 55-მილიონიან ტენდერში კი შეთავაზება არ დაფიქსირებულა. იმავე წლის ოქტომბერში ჩატარებულ კიდევ ერთ პროცედურაში მონაწილე ერთადერთი კომპანია დისკვალიფიცირდა.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ახალი ვაგონების შეძენა სავაგონო პარკის განახლებას, კომპანიის გამტარუნარიანობის, ოპერაციული ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება.
„საქართველოს რკინიგზას ამ რაოდენობის სატვირთო ვაგონების შესყიდვა ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ განუხორციელებია. სავაგონო პარკის განახლება კომპანიის გამტარუნარიანობის, ოპერაციული ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას ემსახურება.
ამასთან, საქართველოს რკინიგზა აგრძელებს სხვადასხვა მწარმოებლისგან წინადადებების მიღებას და ახალი სატვირთო ვაგონების შეძენას მომავალშიც გეგმავს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge