
როგორ მუშაობს "ლენდლორდის" მოდელი, რომლითაც მთავრობა ანაკლიის პორტის აშენებას გეგმავს
„ლენდლორდის“ მოდელი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას გეგმავს, მსოფლიოში გავრცელებულ საპორტო მართვის სისტემად ითვლება. ამ მიდგომით სახელმწიფო ან საჯარო საპორტო ადმინისტრაცია ფლობს მიწას, აკვატორიას და ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, თუმცა ტერმინალების მოწყობა, მათი ტექნიკური აღჭურვა და ოპერირება კერძო კომპანიების პრეროგატივაა. კერძო ოპერატორები სახელმწიფოსგან კონკრეტულ ტერმინალებს ან ნავმისადგომებს, როგორც წესი, გრძელვადიანი იჯარით იღებენ.
მსოფლიოში “ლენდლორდის” მოდელით აშენებული პორტების ჩამონათვალშია როტერდამის, სინგაპურის პორტები, ასევე ორი პორტი ბელგიაში.
"ეს მოდელი როგორც წესი, ფინანსურად უფრო ძლიერი სახელმწიფოებისთვისაა აპრობირებული. სწორედ აქ ჩნდება კითხვის ნიშანი შეძლებს კი ამის განხორციელებას რეალობა, როდესაც საქართველო არ არის ფინანსურად მყარ მდგომარეობაში, ქვეყანას არ გააჩნია ფინანსურად ტევადი პროექტების მაღალ დონეზე მართვის მენეჯმენტი და მით უმეტეს, PPP-სთან [საჯარო და კერძო თანამშრომლობა] დაკავშირებული გამოცდილება, ეს არის ძირითადი რისკები, რაც გარკვეულ კითხვებს აჩენს იმის შესახებ, შეძლებს თუ არა სახელმწიფო ამ პროექტის განვითარებას", - ამბობს „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი.
“ლენდლორდის” მოდელი არის გლობალურად ყველაზე აპრობირებული, წარმატებული მოდელი, რომლითაც მუშაობენ როტერდამის, ანტვერპენის, სინგაპურის უმსხვილესი პორტები. მოდელი თავის თავში მოიაზრებს, რომ სახელმწიფო ფლობს მიწას, აკვატორიას, ტალღმტეხს და ძირითად მისადგომებს. ხოლო ტერმინალები და ნავმისადგომები იჯარით გადაეცემა სხვადასხვა კერძო ოპერატორებს, რაც თავის მხრივ ქმნის გარკვეულ კონკურენციას, რომ არ იყოს ერთი ოპერატორი და არ დააწესოს არაკონკურენტული ფასები. ასევე ეს მოდელი არის პოზიტიური გზავნილი ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, შეიძლება ითქვას საუკეთესო წინაპირობაა დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის", - გვეუბნება “ტრანს ლოგისტიკის” დირექტორი ჯაბა თარიმანაშვილი.
დასავლური კომპანიების მოზიდვა ანაკლიის პორტის პროექტში, ანალიტიკოსების შეფასებით, რთული პერსპექტივაა, მაშინ როცა "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ბოლო წლებში დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები განსაკუთრებით გაურთულდა.
"ადეკვატური მმართველობის პირობებში, „ლენდლორდის“ მოდელი ნამდვილად არ არის ცუდი ასეთი უზარმაზარი პროექტის განსახორციელებლად, მაგრამ „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენ გვაქვს სერიოზული კითხვის ნიშნები. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც ვერ მოახერხა ვერც ერთი მნიშვნელოვანი პროექტის ნორმალურად აშენება. „ქართული ოცნებისადმი“ ნდობა მსხვილი პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, არის მინიმალურზე მინიმალური და შესაბამისად იმის მოლოდინები, რომ ისინი თავს გაართმევენ ასეთი მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური პროექტის განხორციელებას, როგორიც არის ანაკლიის პორტი და მისი მიმდებარე ტერიტორია, სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნის დასმის საშუალებას იძლევა", - ამბობს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი.
იმისთვის, რომ ქვეყანას ღრმაწყლოვანი პორტი ჰქონდეს, სახელმწიფომ მასთან მიმავალი საავტომობილო გზა და რკინიგზა უნდა ააშენოს, საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისთვის საჭირო ინვესტიციებს კი საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ.
ცნობისთვის, 2024 წლის 29 მაისს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის 49%-იან წილის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმისათვის გადაბარების შესახებ განაცხადა, თუმცა ხელშეკრულების გაფორმება 2 წლის განმავლობაში ფინალურ ეტაპზე ვერ გადავიდა. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან "მეგობრულ და ძალიან პარტნიორულ რეჟიმში" რჩებიან და საქართველოს მთავრობა პორტის პროექტში ჩინური მხარის ჩართულობას ელის.
"თავიდანვე სრულიად გასაგები იყო, რომ ჩინეთის ერთადერთი ინტერესი საქართველოსთან მიმართებით არის ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია. „ქართული ოცნების“ არაადეკვატური საგარეო პოლიტიკის შედეგად, ჩვენ მივიღეთ იზოლაცია დასავლეთისგან და როგორც ვიცით, ტრანზიტს სჭირდება ორი წერტილი დასაწყისი და დასასრული. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გახდება ჩიხი, არც ჩინეთის ინტერესი იქნება, არც ბუნებრივია დასავლეთის და არც რომელიმე სხვა რეგიონალური თუ გლობალური მოთამაშეების, გარდა რუსეთის ფედერაციისა", - აცხადებს მელაშვილი.
გასული ორი წლის ჩინეთთან მოლაპარაკების პარალელურად საქართველოს მთავრობას კომუნიკაცია პორტთან დაკავშირებით ამერიკულ მხარესთანაც ჰქონდა. მარტში ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოში მყოფ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს პიტერ ანდრეოლის გააცნეს. კონკრეტიკა ვიზიტის მიზნებისა საჯარო არ ყოფილა. ღიად და ოფიციალურად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ანაკლიის პორტის პროექტზე ინტერესი გამოხატული არ არის, მაშინ როცა წინა წლებში ყოფილი პრემიერის თეთრ სახლში ვიზიტისას სახელმწიფო მდივნის მედიასთან ამ თემაზე საჯარო განცხადება იყო.
2019 წელს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს ვითომ-მეგობრები უწოდა რუსეთსა და ჩინეთს და თქვა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს ამ ორი ქვეყნის მტაცებლური ეკონომიკური გავლენებისგან დაიცავდა. მას შემდეგ ორი ქვეყნის ურთიერთობაში ცვლილებები ბევრი იყო, მათ შორის გაუქმებულია სტრატეგიული პარტნიორობა.
პორტი, რომელსაც გემები ჯერ კიდევ 2020 წელს უნდა მიეღო, მთავრობის მხრიდან გაცხადებული და განახლებული გეგმით, 2029 წლიდან უნდა ამოქმედდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge