
როგორი იქნება Le Méridien Sioni Lake Resort & Spa - "არქისა" და "თიბისის" ერთობლივი პროექტი
სიონის წყალსაცავის მიმდებარედ სასტუმრო და გამაჯანსაღებელი კომპლექსის, Le Méridien Sioni Lake Resort & Spa-ს მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის კონცეფციასა და დეტალებზე BMG-ის ეთერში "არქი ჯგუფის" თანადამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ილია წულაიამ და "თიბისის" სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა ნათია სონიშვილმა ისაუბრეს.
ილია წულაიას განცხადებით, სიონში პროექტის განხორციელების იდეა თავდაპირველად ქალაქგარეთ სპორტული და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის შექმნის ინიციატივას უკავშირდებოდა, რომელზეც ის პარტნიორთან, ზაზა ფაჩულიასთან ერთად მუშაობდა:
"საიდან წამოვიდა ეს იდეა? ჩემს პარტნიორთან და მეგობართან, ზაზა ფაჩულიასთან ერთად განვიხილავდით ქალაქგარეთ, თბილისთან არცთუ ისე შორს, გარკვეული კომპლექსის გაკეთების იდეას, სადაც შესაძლებელი იქნებოდა სპორტული ღონისძიებების ჩატარება, სპორტული გუნდების შეკრება, დასვენება და ა.შ.
ამ თემაზე მსჯელობისას ადგილების მოკვლევა სახლიდან, Google Earth-ის მეშვეობით დავიწყე. თბილისის ირგვლივ რადიუსს გავყევი, და როდესაც ამ ადგილთან მივედით და ტბის ტერიტორიას შევხედე, დავინტერესდი. მეორე დღესვე ჩამოვედი ადგილზე. როდესაც ტერიტორია ვნახე, აღფრთოვანებული დავრჩი, ზაზას დავურეკე და ვუთხარი, რომ აქ უნდა გაგვეკეთებინა ის, რაც მას სურდა", - ამბობს ილია წულაია.
როგორც BMG-ის ეთერში აღინიშნა, პროექტის ფარგლებში Marriott-ის საერთაშორისო ქსელთან უკვე გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ადგილზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება. ილია წულაიას განმარტებით, კომპლექსი ზღვის დონიდან 1 100 მეტრზე მდებარეობს, რაც მას ოთხსეზონიან დატვირთვას ანიჭებს.
"სპა ამ პროექტის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან კომპლექსი 1 100 მეტრის სიმაღლეზეა. ოთხივე სეზონზე ძალიან ლამაზი ხედებია, თუმცა ზამთარში, როდესაც ირგვლივ თოვლიანი მთებია, გამოდიხარ ღია, ცხელ აუზში და ტბას გადაჰყურებ. სპა ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იქნება - 3 000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება და უამრავ პროცედურას გააერთიანებს. იდეები მსოფლიოს წამყვანი კურორტებიდან გვაქვს წამოღებული.
"ლე მერიდიენთან" კონტრაქტი უკვე გაფორმებულია. ეს იქნება 5-ვარსკვლავიანი ლუქს-სასტუმრო. ტბის პირას გაივლის 5-კილომეტრიანი ბულვარი, სადაც დამსვენებელს ველოსიპედით თუ ფეხით გასეირნების საშუალება ექნება. ვინაიდან ტბა საკმაოდ დიდია და თბილისის ზღვას უტოლდება, ყურადღება დაეთმობა უსაფრთხო წყლის სპორტსა და კატერებით გასეირნებასაც. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი გამორჩეული სამთო და დასასვენებელი რიზორტი რეგიონში", - ამბობს ილია წულაია.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი "თიბისი ბანკია". როგორც ბანკის სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ნათია სონიშვილმა BMG-სთან საუბრისას აღნიშნა, ბანკისთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების თანადაფინანსება, რომლებიც ქვეყანაში ახალ ტურისტულ მიზიდულობის წერტილებს აჩენს:
"ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ახალ ლოკაციას ქმნი, ის მიზიდულობის ცენტრად იქცეს. გვჯერა, რომ ის გეგმა, რომელზეც ილიასთან ერთად ვსაუბრობთ, საკმარისია იმისათვის, რომ ქვეყანაში ახალი წერტილი გაჩნდეს, სადაც ბევრი ტურისტი ჩამოვა და ეს ლოკაცია ტურიზმში თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის", - ამბობს ნათია სონიშვილი.
BM.GE
წყარო: bm.ge