
"რომ გითხრათ ეს კონტრაქტორი საუკეთესოა-მეთქი, ასე ნამდვილად არ არის" - მინისტრი ქვეშეთი-კობის პროექტზე
ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქვეშეთი-კობის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, პროცესი გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტორ კომპანიასთან დროსთან და ხარისხთან მიმართებით პრობლემები ჰქონდათ.
"რომ გითხრათ რომ კონტრაქტორი, რომელიც დღეს აქ აშენებს, არის საუკეთესო, ეს ასე ნამდვილად არ არის. ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები, აქტიური კომუნიკაცია გვაქვს მათთან, იყო გარკვეული შეფერხებები დროსთან და ხარისხთან დაკავშირებით, გვქონდა და გვაქვს გარკვეული შენიშვნები, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 2028 წლის ბოლოსთვის ეს პროექტი დასრულდება", - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ცნობისთვის, ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში შენდება ახალი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს.
პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი – 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბი უკვე სრულად არის გაჭრილი. გვირაბებში ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო-მექანიკური სისტემების მოწყობა. ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი იქნება და საინჟინრო თვალსაზრისით მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ნაგებობას წარმოადგენს.
სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ხიდებზეც. ხუთიდან ერთი ხიდი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით არის აგებული, რაც საქართველოში პირველად გამოიყენეს. აქტიური სამუშაოები გრძელდება ასევე 166 მეტრის სიმაღლის თაღოვან ხიდზე.
პარალელურად მიმდინარეობს გუდაურამდე მისასვლელი 5-კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელიც წლის ბოლომდე გაიხსნება ავტოტრანსპორტისთვის.
ქვეშეთი-კობის 23-კილომეტრიანი მაგისტრალური გზა სოფელ ქვეშეთს დააკავშირებს სოფელ კობთან. პროექტის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება როგორც კურორტ გუდაურამდე, ისე სტეფანწმინდამდე გადაადგილების უსაფრთხოება და საიმედოობა. ზამთრის პერიოდში კობის მიმართულებით მოძრაობა აღარ შეიზღუდება ზვავსაშიშროების გამო, ხოლო ხადას ხეობის სოფლების მოსახლეობას მთელი წლის განმავლობაში ექნება უწყვეტი კავშირი გარე სამყაროსთან.
ქვეშეთი-კობის პროექტი ორ ძირითად სამშენებლო ლოტად არის დაყოფილი. ყველაზე მსხვილი ნაწილია 9-კილომეტრიანი მთავარი გვირაბისა და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა, რომელსაც ჩინური კომპანია China Railway Tunnel Group Co ახორციელებს. 902 მილიონი ლარის ღირებულების ამ კონტრაქტის ფარგლებში ორივე გვირაბი უკვე სრულად არის გაჭრილი, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს მათი შიდა მოპირკეთება, ელექტრომექანიკური და ვენტილაციის სისტემების მოწყობა.
პროექტის მეორე, 12.7-კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოებს China Railway 23rd Bureau Group Co ასრულებს. 317 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი მოიცავს 5 ხიდის, 4 გვირაბის მშენებლობასა და ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. სწორედ ამ მონაკვეთზეა ამ დროისთვის სამუშაოების ძირითადი ნაწილი დარჩენილი.
პროექტის დასრულების შემდეგ ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობის დრო დაახლოებით 15 წუთამდე შემცირდება, ხოლო თბილისიდან გუდაურამდე გადაადგილებას დაახლოებით საათ-ნახევარი დასჭირდება.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის საერთო ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ADB პროექტს 415 მილიონი დოლარით აფინანსებს, ხოლო EBRD-ის დაფინანსება 60 მილიონ დოლარს შეადგენს.
2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, ამ პროექტზე 100 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება, შესრულების ანგარიშის თანახმად კი იანვარ-მაისში პროექტზე 51.7 მილიონი ლარი მიიმართა, რაც გეგმასთან შედარებით 8 მილიონი ლარით მეტი იყო, შესაბამისად, ათვისება გეგმით განსაზღვრულ მაჩვენებელს უსწრებს. მთავრობა ამ პროექტზე 2027 წელს 104 მილიონი ლარის, 2028 წელს კი 20 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს, რის შემდეგაც გზა სრულად გაიხსნება.
BM.GE
წყარო: bm.ge