
რუსეთთან სპეცწარმომადგენლის დანიშვნა ნაწილობრივ ემბარგოს არ უკავშირდება - ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა რუსეთის მარეგულირებლის მიერ ქართული პროდუქციის ნაწილის იმპორტზე დაწესებულ ბოლოდროინდელ შეზღუდვებს არ უკავშირდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვაზე, გახდა თუ არა მიმდინარე თვეს რუსეთის მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტის აკრძალვა აღნიშნული გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი, ირაკლი კობახიძემ უარყოფითად უპასუხა.
"არა. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე მუშაობა არის ზოგადად პრიორიტეტული საკითხი, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გამხდარა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. ჩვენ ზოგადად დავინახეთ სპეცწარმომადგენლის დანიშვნის საჭიროება", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთთან რაიმე "ახალი ეტაპის" დაწყებას არ ნიშნავს. მისი თქმით, არსებობს კონკრეტული ამოცანები, რომელთა გადასაჭრელადაც სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა გახდა საჭირო.
"ჩვენ გვაქვს კონკრეტული ამოცანები: ეს არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რაც არის ჩვენი ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი; ეს არის ჰუმანიტარული ურთიერთობების მუდმივად შენარჩუნება და ეს არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება. სამივე მიმართულებით არის აქტიურად სამუშაო. ჟენევის ფორმატი არსებობს და იქ გრძელდება მუშაობა, [შვეიცარიის საელჩოში] სექცია აგრძელებს მუშაობას, თუმცა ამასთან ერთად, ჩვენ დავინახეთ სპეცწარმომადგენლის ხელახლა დანიშვნის საჭიროება და გადავდგით ეს ნაბიჯი.", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, მოსკოვიდან გაკეთებულ განცხადებებზე - დიპლომატიური ურთიერთობების შესაძლო აღდგენის თაობაზე - კობახიძემ აღნიშნა, რომ თბილისის პოზიცია უცვლელია:
"დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბარიერი. ეს მოცემულობა არ შეცვლილა, შესაბამისად, არც ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა".
ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენლად საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა. მან აღნიშნულ პოსტზე გიორგი ქაჯაია ჩაანაცვლა, რომელსაც ეს თანამდებობა 2024 წლის მარტიდან 2025 წლის დეკემბრამდე ეკავა. ბოლო 10 თვის განმავლობაში პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობა ვაკანტური იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge