
“საგადასახადო კოდექსშიც” არ გვაქვს მსგავსი კაბალური სანქცია...”- რა ხდება საპენსიო შენატანების გარშემო?
საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული ჯარიმების მოცულობა წელს რეკორდულად გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ ივნისში კომპანიებს 2,1 მილიონი ლარის ჯარიმები დაეკისრა, 6 თვეში კი ბიზნესიდან ჯარიმის სახით ამოღებული თანხა 4,7 მილიონ ლარს აჭარბებს, რაც გასული წლის მაჩვენებელსაც [₾3,7 მილიონი] აღემატება.
საგადასახადო ექსპერტების განმარტებით, მთავარი პრობლემა საპენსიო სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურის სისტემებს შორის არსებული ტექნიკური აცდენაა. ხშირ შემთხვევაში, ბიზნესი დეკლარაციას სისტემის მიერ მითითებული ზუსტი თეთრებით ავსებს, თუმცა საპენსიო სააგენტოს ბაზაში მონაცემები სხვაგვარად აისახება.
"ლინოს" საგადასახადო ექსპერტის განმარტებით, სისტემა ავტომატურად, ადამიანური რესურსის ჩარევის გარეშე, აგენერირებს 500-ლარიან ჯარიმას, რომელიც ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებაზე ორმაგდება. პრობლემა განსაკუთრებით მძიმედ მცირე მეწარმეებს ეხებათ, რომლებსაც ხშირად არ ჰყავთ ბუღალტერი და ტექნიკური ხარვეზების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მაშინ იგებენ, როცა მათ ანგარიშებს ყადაღა ედება.
“ საჯარიმო სანქციების დაკისრების ქვეშ მოქცეულია ის კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ნამდვილად იხდიან საპენსიო შენატანებს, მაგრამ შეიძლება მოხდა ისე, რომ ერთი წუთით ან ორი წუთით გადააცილა სავადო პერიოდს და აღნიშნული თანხა, მაგალითად საპენსიო ბალანსზე დაჯდა არა 15 რიცხვში, რომელიც სავადო თარიღია, არამედ მაგალითად 16 რიცხვში, ან შეიძლება საერთოდაც რამდენიმე საათით გადააცილა ამ სავადო პერიოდს. ეს ერთი შემთხვევაა, როცა 500 ლარიანი ჯარიმა ეკისრება გადასახადის გადამხდელს.
მეორე არის სრულიად წარმოუდგენელი შემთხვევა - ერთთეთრიან და ორთეთრიან სხვაობაზე 500 ლარიანი ჯარიმის დაკისრება. აქ საუბარია არა იმაზე, რომ მე განზრახ ერთი თეთრით ან ორი თეთრით ნაკლები გადავრიცხე საპენსიოს საბანკო ანგარიშზე, არამედ აქ საუბარია სუფთად ტექნიკურ საკითხზე.
საპენსიო შენატანი დღეს დეკლარირდება საშემოსავლოს ყოველთვიურ დეკლარაციასთან ერთად და ეს ხდება შემოსავლების სამსახურის პირადი გვერდიდან. საპენსიო სააგენტოს გვერდი არის ცალკე, სადაც პირადი მონაცემებით უნდა შევიდეს გადასახადის გადამხდელი.
პირდაპირ საშემოსავლოს ყოველთვიური დეკლარაციის თავზე ხდება ჩანაწერი, რომ ჯამურად შენ გადასახდელი გაქვს საპენსიოს ანგარიშზე, მაგალითად 105 ლარი და 20 თეთრი. გადარიცხა გადასახადის გადამხდელმა 105 ლარი და 20 თეთრი, როგორც დაუწერა სისტემამ და ამ დროს გარკვეული პერიოდის შემდეგ უცბად აღმოაჩენს, რომ თურმე საჯარიმო სანქცია მოსვლია.
გადავა და ნახავს, რომ თურმე სისტემამ საპენსიოს გვერდზე 105 ლარი და 20 თეთრი კი არ წაიღო, არამედ მაგალითად 105 ლარი და 21 თეთრი. საპენსიოს დეკლარაცია ვერ ახდენს დახურვას, რაც იწვევს ამ 500 ლარიან ჯარიმას. ავტომატურად რაიმე შეტყობინება გადასახადის გადამხდელს არ მისდის ამის შესახებ, რომ შენ დაგერიცხა ჯარიმა და გთხოვთ იმოქმედოთ. მაშინვე მყისიერად არ მიდის ეს ინფორმაცია და ჩვეულებრივ გადასახადის გადამხდელი მომავალ თვეებშიც აგრძელებს ჩვეული რიტმით ყოველთვიური დეკლარაციის გაგზავნას და თითქოს იგივე ბალანსის შევსებას, რასაც უწერს დეკლარაცია. ამ დროს, რომ გადავა საპენსიოს გვერდზე, აღმოაჩენს, რომ იმ ერთი დაუხურავი დეკლარაციიდან გამომდინარე, აქეთა თვეების დეკლარაციაც ვერ დაიხურა იმ ტექნიკური მიზეზიდან გამომდინარე, რომ თავის დროზე ბალანსის ერთი-ორი თეთრი რომ დააკლდა. მერე უკვე სისტემამ საურავი წამოიღო.
თუ საგადასახადო კოდექსს გადავხედავთ, იქაც კი არ გვაქვს მსგავსი კაბალური დონის საჯარიმო სანქცია. თავიდანვე სისტემა არის არასწორად აწყობილი და 500 ლარიანი ჯარიმის დარიცხვა ხდება ავტომატურად. ანუ აქ არ ხდება ადამიანური რესურსის ჩარევით ჯარიმის გამოწერა. იმის მექანიზმიც არ არსებობს, რომ პირობითად თვითონ საპენსიო სააგენტომ მარტივად შეცვალოს ეს მიდგომა და მაგალითად სხვაგვარი სისტემა ჩამოაყალიბოს, რომ ყოველდღიურად გადასახადის გადამხდელები არ ჯარიმდებოდნენ არა უბრალოდ გადასახადის თავიდან არიდების მიზნით, არამედ უბრალოდ ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე”,-აცხადებს „ლინოს“ საგადასახადო ექსპერტი.
აუდიტორების განმარტებით, პრობლემა წინა პერიოდის დეკლარაციების დაზუსტებისას იჩენს თავს. მას შემდეგ, რაც საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციები გაერთიანდა, დაზუსტების შემთხვევაში სისტემა გადამხდელს უჩვენებს მხოლოდ ძირითად დავალიანებას, თუმცა ავტომატურად არ თვლის დარიცხულ საურავს. შედეგად, ძირითად შენატანზე ჩნდება მცირედი დანაკლისი რაც საპენსიო სააგენტოს პროგრამული ალგორითმისთვის დარღვევაა. დავით პაპიაშვილის შეფასებით, განსაკუთრებით საგანგაშოა ის გარემოება, რომ ჯარიმა არა ერთჯერადად, არამედ ყოველ შემდგომ თვეზე იწერება. თუ გადამხდელმა დეკლარაცია 10 თვის წინ დააზუსტა, მცირე დანაკლისი ათივე თვეზე გადადის, რამაც შესაძლოა ჯამური ჯარიმა 5 000-დან 100 000 ლარამდეც კი გაზარდოს.
"დავუშვათ, დავაზუსტეთ დეკლარაცია 10 თვის წინ და 100 ლარით გაგვეზარდა საპენსიო შენატანის ოდენობა. რას აკეთებს ასეთ დროს გადამხდელი? გადამხდელი, ბუნებრივია, RS-ის პროგრამა რასაც უჩვენებს იხდის ამ 100 ლარს. სწორედ აქედან მოდის პრობლემების ძირითადი ნაწილი - პროგრამაში არსად არ არის დათვლილი საურავი. ის, რომ 10 თვის წინანდელი დეკლარაციის დაზუსტების შედეგად 100 ლარით იზრდება საპენსიო შენატანი, ნიშნავს, რომ საურავიც დაერიცხება მას. ეს ნიშნავს, რომ რამდენიმე ლარი ამ 100 ლარიდან შეიძლება წაიღოს საურავმა. რადგან პროგრამაში ამ საურავის დათვლა არ ხდება, გადამხდელები იხდიან მხოლოდ იმ ძირითად თანხას. შედეგად, ამ 100 ლარიდან რაღაც ნაწილი მიდის საურავის დასაფარად და ძირითად თანხას აკლდება. ყოველი თვის 15 რიცხვში კი, ერთი ლარიც რომ დააკლდეს შენატანს, ეს ითვლება დარღვევად და 500-ლარიანი ან 1000-ლარიანი ჯარიმები იწერება.
ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ იმის მაგივრად, რომ ერთხელ დააჯარიმონ, ყოველ შემდგომ თვეში ხდება ამ 1-2 ლარის გამინუსება და მთელ 10 თვეზე აჯარიმებენ. ადამიანს შეიძლება რამდენიმე ათეული ლარის გამო დაერიცხოს 5 000, 8 000 ან 100 000 ლარი ჯარიმა. პრობლემის სათავეა გაუმართავი სისტემა და ის, რომ საპენსიო სააგენტო ავტომატურად, პროგრამული ალგორითმით აჯარიმებს ხალხს",-აცხადებს “კრესტონ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.
პრობლემის აღმოსაფხვრელად, სპეციალისტები რამდენიმე აუცილებელ ნაბიჯზე მიუთითებენ. მათ შორის მათ რეკომენდაციაა, RS.ge-ს სისტემას საურავის ავტომატური კალკულატორი დაემატოს, რათა გადამხდელმა ზუსტად იცოდეს, რა თანხაა საჭირო დავალიანების სრულად დასაფარად.
“პირველ რიგში უაღსრულებაზე კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელების ჯარიმების გადაცემა უნდა შეწყდეს, რომლებმაც მართლაც უბრალოდ ერთი საათი, ორი საათი დააგვიანეს და ამ ერთი საათის და ორი საათის დაგვიანებით ასახეს საპენსიო სააგენტოს საბანკო ანგარიშზე შენატანები. აუცილებლად უნდა მოხდეს თავად სისტემის სტრუქტურის ცვლილება. არ უნდა ხდებოდეს ავტომატურად დარიცხვა. კი ბატონო იყოს საურავი ზუსტად იმ კეთილსინდისიერი გადამხდელისთვის, ვინც დააგვიანა და ცოტა გვიან შეიტანა საპენსიო სააგენტოს ანგარიშზე. ყველაზე მთავარია საჯარიმო სანქციის ოდენობის შემცირება. წარმოუდგენელია ყველანაირი პირობების გათვალისწინებით 500 ლარი ჯარიმა იყოს.
უწყების მთავარი ამოსავალი წერტილი საჯარიმო სანქციების დაკისრება კი არ უნდა იყოს, უნდა იყოს სწორი კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან. იმ კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის, რომლებიც უბრალოდ რაღაცა ტექნიკური მიზეზიდან გამომდინარე აგვიანებენ გადახდას, იყოს საურავი და არ იყოს ჯარიმა. ვინც საერთოდ არ იხდის, მათ მიმართ შესაძლებელია სხვა მიდგომა იყოს ჩამოყალიბებული”,-აცხადებს სალომე ოდიშარია.
დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი გასულ წელს გამკაცრდა. 2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებელი დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.
აღსანიშნია, რომ დამსაქმებლებს, რომლებსაც სისტემური თუ ტექნიკური ხარვეზების გამო საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით ჯარიმები დაერიცხათ, უკვე აქვთ შესაძლებლობა საპენსიო ფონდში გაასაჩივრონ. რამდენიმე კვირის წინ საპენსიო ფონდში სტრუქტურული ერთეული შეიქმნა, რომელიც დაკისრებული ჯარიმების შესახებ დამსაქმებელთა საჩივრებს განიხილავს. როგორც ფონდში განგვიცხადეს, ამ დროისთვის მათთან შესული საჩივრების რაოდენობა 3 000-მდეა.
BM.GE
წყარო: bm.ge