მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობისთვის მიწის ექსპროპრეაცია გამოცხადდა
საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობისთვის მიწის ექსპროპრეაცია გამოცხადდა

საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობისთვის მიწის ექსპროპრეაცია გამოცხადდა

BM.GE2 ივლისი, 2026, 19:26|bm.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 400 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „ახალციხე-თორთუმის“ მშენებლობის პროექტი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად გამოაცხადა.

ამისთვის, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება მიანიჭა.

შესაბამისი ბრძანება მინისტრმა 2026 წლის 29 ივნისს გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW) დაფინანსებით, „გადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა II“-ის ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველო-თურქეთის დამაკავშირებელი 400 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში აშენდება დაახლოებით 33-კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახალციხის ქვესადგურს თურქეთის თორთუმის ქვესადგურთან დააკავშირებს.

სამინისტროს განმარტებით, პროექტის განხორციელების შედეგად გაძლიერდება საქართველოს ელექტროენერგეტიკული კავშირი თურქეთის ენერგოსისტემასთან და ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან, გაიზრდება ენერგოსისტემის საიმედოობა და შეიქმნება დამატებითი შესაძლებლობები ქვეყნის ჰიდროენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენებისთვის. ასევე, პროექტი ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას.

სახელმწიფო საინვესტიციო პროგრამის მიხედვით, პროექტი წარმოადგენს 500 კვ. „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის“ ენერგეტიკული დერეფნის ნაწილს. იგი ითვალისწინებს 104-კილომეტრიანი 500 კვ. ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო-ახალციხის“, 33-კილომეტრიანი 400 კვ. ხაზის „ახალციხე-თორთუმის“, ასევე შესაბამისი ქვესადგურებისა და ინფრასტრუქტურის გაფართოებას. 2026 წელს დაგეგმილია აღნიშნული ხაზების მშენებლობის დაწყება, რომლის ფარგლებში საერთო ჯამში 137 კილომეტრი ელექტროგადამცემი ხაზი და 272 ანძა უნდა აშენდეს.

დოკუმენტის მიხედვით, პროექტის განსახორციელებლად საჭირო გახდა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში მდებარე ორი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის ნაწილების გამოყენება. ერთ შემთხვევაში ექსპროპრიაცია შეეხება 374 კვადრატულ მეტრ ფართობს, ხოლო მეორე შემთხვევაში – 79 კვადრატულ მეტრ ფართობს.

სამინისტროს ინფორმაციით, მიწის მესაკუთრეებს პროექტის მნიშვნელობის შესახებ წერილობით ეცნობათ და შესთავაზეს მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისება განსახლების გეგმით განსაზღვრული კომპენსაციის სანაცვლოდ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. ამის შემდეგ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების მოთხოვნით სამინისტროს მიმართა.

ბრძანების თანახმად, ექსპროპრიაციის უფლება ავტომატურად არ ნიშნავს საკუთრების ჩამორთმევას. სამინისტრომ მხოლოდ პროექტს მიანიჭა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების სტატუსი და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება გადასცა. საკუთრების ექსპროპრიაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„წყალტუბო-ახალციხე-თორთუმის“ პროექტი საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილია. მისი საინვესტიციო ღირებულება 65.56 მილიონ ევროს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს ინდური კომპანია KEC International Limited ასრულებს, ხოლო საინჟინრო ზედამხედველობას გერმანული Fichtner GmbH ახორციელებს. პროექტი თანადაფინანსებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, KfW-ისა და ევროკავშირის მიერ ENIP-ის (Energy Network Improvement Programme) ფარგლებში.

სახელმწიფო ელექტროსისტემა ამ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას უკვე არაერთი წელია ცდილობს, თავდაპირველად ის სახელმწიფო ბიუჯეტში 2019 წელს გაჩნდა და პროექტის მთლიან ღირებულებად 157.5 მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, ხოლო პროექტის დასრულების თარიღი თავდაპირველად 2022 წელს იგეგმებოდა. თუმცა, მისი განხორციელება არაერთხელ გადავადდა და საბოლოოდ ფასი 271.6 მლნ ლარით (65.56 მლნ ევროთი) განისაზღვრა, სამშენებლო სამუშაოების დასრულების თარიღად კი 2026 წლის ბიუჯეტის თანახმად 2028 წელი არის მითითებული.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოსა და უნგრეთს შორის Stipendium Hungaricum-ის სტიპენდიების შესახებ ახალი შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და უნგრეთს შორის Stipendium Hungaricum-ის სტიპენდიების შესახებ ახალი შეთანხმება გაფორმდა

BM.GE

მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა

მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის პრეზიდენტს შეხვდა

BM.GE

ვალერი გელაშვილის $10 მილიონიანი პროექტი - ხაშურის ცენტრში 17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

ვალერი გელაშვილის $10 მილიონიანი პროექტი - ხაშურის ცენტრში 17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შენდება

BM.GE

Visa-მ და Mastercard-მა ახალი სტეიბლკოინი გამოუშვეს

Visa-მ და Mastercard-მა ახალი სტეიბლკოინი გამოუშვეს

BM.GE