
საქართველოს ბანკმა 2026 წელს 40-ზე მეტი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი განახორციელა - ანა ლომთაძე
საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელის, ანა ლომთაძის განცხადებით, ბანკმა 2026 წელს 40-ზე მეტი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი განახორციელა. ინიციატივები განათლების, ბიზნესის მხარდაჭერისა და დასაქმების მიმართულებებს მოიცავდა, ასევე შეეხებოდა კულტურას, სპორტსა და გარემოს დაცვას.
როგორც ლომთაძემ BMGTV-ის გადაცემაში "ბიზნესის კვირეული" განაცხადა, პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა და მოიცავდა როგორც ბანკის დამოუკიდებელ ინიციატივებს, ისე პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შექმნილ პროგრამებს.
„ჯამში გვქონდა 40-ზე მეტი პროექტი, რომელიც განვახორციელეთ წლის განმავლობაში. ეს იყო როგორც ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ასევე უშუალოდ საქართველოს ბანკის ინიციატივები: მოიცავდა სტიპენდიებს, „ლიდერატორს“ და არაერთ ბიზნესპროექტს, რომელიც უშუალოდ ჩვენი ბიზნესების წახალისებისთვის შევქმენით“, - განაცხადა ანა ლომთაძემ.
ბანკის ერთ-ერთი მიმართულება საგანმანათლებლო პროგრამების რეგიონებში ხელმისაწვდომობაა. ლომთაძის განმარტებით, სწორედ ამ მიზანს ემსახურება სკოლა კომაროვთან თანამშრომლობით შექმნილი ონლაინ STEM სკოლა და პროფესიული განათლების კურსები. მისი თქმით, ონლაინ ფორმატი საშუალებას იძლევა, პროგრამებში ჩაერთონ ის ახალგაზრდები და დაინტერესებული პირები, რომლებსაც თბილისში სწავლა ან კურსებზე დასწრება არ შეუძლიათ.
„რეგიონების ჭრილში გვაქვს სტიპენდიები - ნებისმიერ უნივერსიტეტში, რომელიც საქართველოს მასშტაბით არის, ეს ხელმისაწვდომია. გვაქვს პროფესიული განათლების კურსები, რომელიც ონლაინ არის ზუსტად ამიტომ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ზუსტად ამ მიზნით ვთანამშრომლობთ კომაროვთან და სწორედ ამიტომ შევქმენით ონლაინ STEM სკოლა და არა ფიზიკური, რომ ამ STEM განათლების მიღების შესაძლებლობა რეგიონებშიც ჰქონდეთ“, - აღნიშნა ლომთაძემ და დაამატა, რომ ბანკის მიზანია, სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებმა საზოგადოებაში არსებულ საჭიროებებს უპასუხოს. აქედან გამომდინარე, არსებული პროგრამების გარდა, ბანკი ახალ ინიციატივებსაც ამატებს, მათ შორის კულტურისა და სპორტის მიმართულებით.
BM.GE
წყარო: bm.ge