
საშემოსავლო გადასახადის ზრდაა მთავარი ინდიკატორი, თუ როგორ აისახება ეკონომიკური ზრდა მოქალაქეებზე - კაკაურიძე
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მოქალაქეთა შემოსავლებზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საშემოსავლო გადასახადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 919 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რაც უშუალოდ უკავშირდება ქვეყანაში დასაქმებულთა ანაზღაურების მატებას.
მან პარლამენტის წევრის დაჯი კოვზირიძის კითხვას უპასუხა, რომელიც გაზრდილი ინფლაციის ფონზე მოქალაქეების შემოსავლების კლებას ეხებოდა.
"თქვენ საუბრობთ ეკონომიკურ ზრდაზე და მოდით ეს განვსაზღვროთ მოქალაქის ჯიბით. თუ ეკონომიკა იზრდება ფასებიც მნიშვნელოვნად იზრდება, რამდენად იზრდება მოქალაქის მსყიდველობითი უნარი?დღეს ინფლაცია 5.6%-ია, მაშინ, როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი წარმოადგენს 3%-ს. ანუ ეკონომიკის ზრდის პარალელურად იზრდება მოქალაქეების ყოველდღიური ხარჯიც. ეკონომიკის ზრდის ნაწილი ამ ინფლაციამ შეჭამა, მაშინ რა მიიღო ამ ეკონომიკური ზრდიდან მოქალაქემ, რომელსაც აქვს დღესაც იგივე შემოსავალი, რაც ჰქონდა?", - განაცხადა კოვზირიძემ.
"ქართული ოცნების" წევრი ილია ინჯია კი დაინტერესდა, რა მოლოდინები აქვს მთავრობას ინფლაციასთან დაკავშირებით.
"პირველ შეკითხვას რაც შეეხება თუ რაში გამოიხატება ეკონომიკური ზრდა, როგორ აისახება იგი მოქალაქეებზე და როგორია პირველი 6 თვის საშემოსავლო გადასახადის მაჩვენებელი. შარშანდელ 6 თვესთან შედარებით, საშემოსავლო გადასახადი გაზრდილია 919 მილიონი ლარით. ვინ იხდის საშემოსავლო გადასახადს? მას იხდიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც აქ არიან დასაქმებულები და რომელთა ანაზღაურებაც შესაბამისად იზრდება.
რაკი ვამბობთ, რომ საშემოსავლო გადასახადი დაახლოებით 900 მილიონი ლარით გაიზარდა, ეს ნიშნავს, რომ გაცემული ხელფასების ჯამური ოდენობა 5-ჯერ მეტით, დაახლოებით 4.5 მილიარდი ლარით არის გაზრდილი. შესაბამისად, სწორედ საშემოსავლო გადასახადის ზრდაა იმის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, თუ როგორ აისახება ეკონომიკური ზრდა საქართველოს მოქალაქეებზე ხელფასების მატების სახით.
უშუალოდ ეკონომიკურ ზრდას რაც შეეხება, იგი ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ. როდესაც ნომინალური ეკონომიკა იზრდება, პირობითად, 14%-ით, ეს მოიცავს როგორც ფასების კომპონენტს, ისე რეალურ ეკონომიკურ ზრდას. რეალური ზრდა გვიჩვენებს თუ რამდენი საქონელი და მომსახურება შეიქმნა დამატებით საქართველოში.
პირველ ნახევარში რეალური ეკონომიკური ზრდა გვაქვს 7.9%. ამას ემატება დეფლატორი 4.1%. გამოდის, რომ საქართველოს ეკონომიკა ნომინალურად გაიზარდა დაახლოებით 14%-ით, საიდანაც 7.9% არის რეალური ეკონომიკური ზრდა, ხოლო დანარჩენი პროცენტი დეფლატორის ეფექტია.
ამ ეტაპზე ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია, თუმცა წელს ველოდებით, რომ შედარებით მაღალი მაჩვენებელი შენარჩუნდება და წლის ბოლოს დაახლოებით 5.2%-ის ფარგლებში იქნება.
ინფლაციის მართვა ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა. ეროვნულმა ბანკმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა, რათა ინფლაციური მოლოდინების რისკები მოთოკოს. დღეს ქვეყანაში შედარებით გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა გვაქვს. წლის მეორე ნახევრიდან, საბაზისო ეფექტის ამოწურვასთან ერთად, ინფლაცია ეტაპობრივად შემცირდება, რაც მომდევნო წელს უკვე მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს მყოფ დაბალ ინფლაციაში აისახება", - განაცხადა კაკაურიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge