მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Super Protocol – ქართველი სტარტაპერების პროექტი გლობალური AI-ინდუსტრიის სათავეში
Super Protocol – ქართველი სტარტაპერების პროექტი გლობალური AI-ინდუსტრიის სათავეში

Super Protocol – ქართველი სტარტაპერების პროექტი გლობალური AI-ინდუსტრიის სათავეში

BM.GE18 ნოემბერი, 2026, 19:42|bm.ge

ChatGPT-ის, Gemini-ისა და Claude-ის მსგავსი AI-ინსტრუმენტების წყალობით, ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. AI-ს სულ უფრო აქტიურად იყენებენ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, ფინანსები და საბანკო საქმე. მაგალითად, ხელოვნურ ინტელექტს უკვე შეუძლია ექიმებს სამედიცინო ჩანაწერების ანალიზში დაეხმაროს, ბანკებს კი - საეჭვო ფინანსური ტრანზაქციების გამოვლენაში.

თუმცა, მსგავსი შესაძლებლობების გამოსაყენებლად ხელოვნურ ინტელექტს სჭირდება წვდომა სენსიტიურ ინფორმაციაზე და აქვე ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ შეუძლიათ ორგანიზაციებს გამოიყენონ AI ისე, რომ პაციენტების პირადი სამედიცინო ისტორიები, ფინანსური ინფორმაცია და კომერციული საიდუმლოებები ხელმისაწვდომი არ გახდეს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ამ ტექნოლოგიის მუშაობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას და მონაცემთა ცენტრებს მართავენ?

აი, სწორედ ამ პრობლემის გადაჭრას ცდილობს ნიუ-იორკში დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანია Super Protocol-ი, რომლის თანადამფუძნებლებიც ქართველი მეწარმეები, ნუკრი ბაშარული და გიორგი ჟღენტი არიან. მათი ტექნოლოგია AI-მოდელს საშუალებას აძლევს, დაამუშაოს სენსიტიური მონაცემები ისე, რომ მასზე წვდომა არ ჰქონდეს არც სერვერის მფლობელს და არც ინფრასტრუქტურის ადმინისტრატორს.

„კომპანიებს სურთ, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა მათი ბიზნესის სპეციფიკა გაიგოს, თუმცა ამისთვის AI-ს ხშირად ყველაზე ღირებულ და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე უნდა მისცენ წვდომა. Super Protocol-ი სწორედ იმისთვის შევქმენით, რომ კომპანიებს არჩევანის გაკეთება აღარ უწევდეთ AI-ის გამოყენებასა და საკუთარი მონაცემების დაცვას შორის“, — ამბობს ნუკრი ბაშარული, Super Protocol-ის აღმასრულებელი დირექტორი.

რა პრობლემას აგვარებს სტარტაპი?

იმისთვის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ინფორმაცია დაამუშაოს, მონაცემები გარკვეულ ეტაპზე გაშიფრული უნდა იყოს. სწორედ ამ დროს ჩნდება უსაფრთხოების რისკი: ინფორმაცია სერვერის მეხსიერებაში ღია ფორმით ინახება და თეორიულად მასზე წვდომა შეიძლება ინფრასტრუქტურის ადმინისტრატორს, არაკეთილსინდისიერ თანამშრომელს ან ჰაკერს ჰქონდეს.

საავადმყოფოებისთვის, ბანკებისა თუ სადაზღვევო კომპანიებისთვის ეს მხოლოდ კონფიდენციალურობის საკითხი არ არის, მონაცემთა დაცვის მკაცრი მოთხოვნები ამ ტიპის კომპანიებს საკანონმდებლო დონეზე ავალდებულებს, რომ მომხმარებელთა ინფორმაცია უმაღლეს დონეზე დაიცვან, რათა თავიდან აირიდონ სამართლებრივი სანქციები.

Super Protocol-ი ამ პრობლემას Confidential Computing-ის, ანუ კონფიდენციალური გამოთვლების ტექნოლოგიით აგვარებს. საქმე ისაა, რომ Intel-ის, AMD-ისა და NVIDIA-ს თანამედროვე პროცესორებს შეუძლიათ შექმნან იზოლირებული, დაცული გარემო, რომელშიც მონაცემები დამუშავების დროსაც მიუწვდომელია გარე სისტემებისა და ადმინისტრატორებისთვის.

Super Protocol-ი ამ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ერთიან პლატფორმად გარდაქმნის, რომლის საშუალებითაც AI მოდელებისა და აპლიკაციების გაშვება თავსებად სერვერებსა და Cloud-ინფრასტრუქტურაზეა შესაძლებელი.

სენსიტიური მონაცემების გაგზავნამდე მომხმარებლებს კრიპტოგრაფიული მეთოდებით შეუძლიათ გადაამოწმონ, რომ უსაფრთხოების საჭირო მექანიზმები გააქტიურებულია და მათ მონაცემებს სწორედ ის პროტოკოლი ამუშავებს, რომელიც თავად წინასწარ დაამტკიცეს.

ქართველები ტექნოლოგიური რევოლუციის ფრონტის წინა ხაზზე

Super Protocol-ის ისტორია 2022 წელს იწყება, თუმცა მისი დამფუძნებლების თანამშრომლობა გაცილებით ადრე, 2015 წელს დაიწყო. მათ პირველი ერთობლივი კომპანია Aggregion-ი სწორედ ამ პერიოდში შექმნეს, რომელიც ორგანიზაციებს მონაცემების უსაფრთხოდ გაზიარების შესაძლებლობას აძლევდა. 2022 წელს კომპანია სტრატეგიულმა ინვესტორმა შეიძინა, რის შემდეგაც დამფუძნებლებმა ახალი ტექნოლოგიური პროექტი, Super Protocol დაიწყეს.

თავად დამფუძნებლებს რაც შეეხებათ, ნუკრი ბაშარული სოხუმში დაიბადა. პროფესიით ბირთვული ფიზიკოსია, დისერტაცია ელემენტარული ნაწილაკების დეტექტორებზე დაიცვა, მოგვიანებით კი ტექნოლოგიურ ბიზნესში გადავიდა. დღეს ის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია.

გიორგი ჟღენტი ფინანსისტია, სწავლობდა ლონდონსა და პრაღაში და მუშაობდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PwC-ში. ის Super Protocol-ში ბიზნესის, პარტნიორობებისა და ეკოსისტემის განვითარებას ხელმძღვანელობს.

საერთაშორისო პარტნიორები და პროდუქტის რეალური გამოყენება

Super Protocol-ის ტექნოლოგია უკვე გამოიყენება რამდენიმე საერთაშორისო პროექტში. მაგალითად, Yma Health-ი, რომელიც კლინიკებისთვის პერსონალიზებულ სამედიცინო სერვისებს ავითარებს, Super Protocol-ს პაციენტების კონფიდენციალურ მონაცემებთან სამუშაოდ იყენებს. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში კლინიკებს შესაძლებლობა აქვთ, პაციენტების სამედიცინო ჩანაწერები ანონიმურად დაამუშაონ და მონაცემები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით გააანალიზონ. მეორე პროექტი კი Yma Health-ს საშუალებას აძლევს, Google-ის სამედიცინო AI მოდელი MedGemma კლინიკურ საუბრებზე მოარგოს ისე, რომ საწყისი მონაცემების კონფიდენციალურობა სრულად დაცული იყოს. აღსანიშნავია, რომ ორივე პროექტი Google-მა Health AI Developer Foundations-ის ფარგლებში საჯაროდ წარადგინა.

გარდა ამისა, IBM-თან თანამშრომლობით Super Protocol-მა შეიმუშავა გადაწყვეტა, რომელიც Confluent Platform-ს კონფიდენციალური გამოთვლების გარემოში მუშაობის შესაძლებლობას აძლევს.

ხოლო Canonical-მა და NVIDIA-მ გამოაქვეყნეს კვლევები, რომლებშიც ხაზგასმულია, თუ როგორ ავითარებს Super Protocol-ი კონფიდენციალური ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას.

ამჟამად Super Protocol-ის ტექნოლოგიას 50-ზე მეტი ორგანიზაცია იყენებს, პლატფორმაზე განხორციელებულია 2 000-ზე მეტი კონფიდენციალური განთავსება, ხოლო სამედიცინო პროექტებში დამუშავებული პაციენტების ჩანაწერების რაოდენობამ უკვე მილიონს გადააჭარბა.

„შთამბეჭდავი AI-დემოთი ყურადღებას კი მიიქცევ, მაგრამ ბანკისა თუ კლინიკის დარწმუნება, რომ რეალურ მონაცემებთან მიგიშვან, სულ სხვა სირთულეა. როგორც წესი, მოლაპარაკებებიც ზუსტად ამ ეტაპზე ჩერდება ხოლმე და ჩვენ კომპანიებს სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაში ვეხმარებით“, — აღნიშნავს გიორგი ჟღენტი, Super Protocol-ის თანადამფუძნებელი.

რატომ უნდა გვაინტერესებდეს ეს ამბავი?

Super Protocol-ის ამბავი ჩვენთვის საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ქართველი დამფუძნებლები უძღვებიან, არამედ იმიტომაც, რომ თბილისში დაგეგმილი Silk Cloud-ის მონაცემთა ცენტრი NVIDIA Blackwell Ultra-ს სისტემას დაეფუძნება, Super Protocol-ს კი მის უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა შეუძლია.

ზოგადად, როცა ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ხშირად ვახსენებთ სემ ოლტმენს, დარიო ამოდეის, ჯენსენ ჰუანგს თუ ილონ მასკს და ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი ჩვენს მიღმაა, სადღაც სხვაგან... მაგრამ Super Protocol-ის არსებობა ამტკიცებს იმას, ეს ჩვენც შეგვიძლია, AI-ის განვითარება ქართველების საქმეცაა და ამ მიმართულებითაც გვეთქმის ღირსეული სიტყვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროექტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 108 სტატია.

  • სპორტის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტს მხარი დაუჭირარუსთავი 2
  • „ეს ქალაქი ცხოვრებისთვის უვარგისი იქნება“ - გამოხმაურებები „ქართუს“ კომპანიის პროექტზეტვ პირველი
  • 2026 წელს გამოვყოფთ 38 მილიონ ევროს ახალი პროექტებისთვის – EU-ის საელჩონეტგაზეთი
  • რა წერია ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზეაფორმულა
პროექტი →

მსგავსი სტატიები

არქი ნიუ-იორკში, „თბილისობის“ ფარგლებში, ქართულ დიასპორას შეხვდა

არქი ნიუ-იორკში, „თბილისობის“ ფარგლებში, ქართულ დიასპორას შეხვდა

BM.GE

ოქროს ფასი ბოლო ერთი წლის მინიმუმამდე დაეცა - რა გახდა მიზეზი?

ოქროს ფასი ბოლო ერთი წლის მინიმუმამდე დაეცა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი უწყვეტი შესაძლებლობებისთვის

BM.GE

ავტოინდუსტრიის ბრუნვა ₾5.1 მლრდ-მდე შემცირდა, რეექსპორტი კი 26%-ით - TBC Capital

ავტოინდუსტრიის ბრუნვა ₾5.1 მლრდ-მდე შემცირდა, რეექსპორტი კი 26%-ით - TBC Capital

BM.GE