
ტრამპის ადმინისტრაციის ზეწოლით, Oracle-მა Tencent-თან $7-მილიარდიანი გარიგება გააუქმა
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლის ფონზე, Oracle-მა ჩინურ Tencent-თან ხელოვნური ინტელექტის ჩიპების იჯარის მრავალმილიარდიანი კონტრაქტი გააუქმა.
Financial Times-ის ცნობით, ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა Oracle-ის წარმომადგენლებთან ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით შეშფოთება პირადად გამოთქვეს.
პარალელურად, წნეხი ოფიციალური პეკინის მხრიდანაც გაძლიერდა. გამოცემის ინფორმაციით, გუანდუნის პროვინციის მაღალჩინოსნები Tencent-ის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ ადგილობრივი, ჩინური წარმოების ჩიპების შეძენისკენ მოუწოდეს.
საბოლოოდ, ორმხრივი პოლიტიკური ბარიერების გამო, კომპანიებმა პარტნიორობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.
ცნობისთვის, $7 მილიარდად შეფასებული ეს ხელშეკრულება Tencent-ისთვის საზღვარგარეთ გაფორმებული ყველაზე მსხვილი საიჯარო გარიგება იქნებოდა. ხუთწლიანი კონტრაქტი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარე Oracle-ის მონაცემთა ცენტრებიდან იმ 100,000-მდე მოწინავე ჩიპზე ითვალისწინებდა წვდომას, რომლებიც ვაშინგტონისა და პეკინის შეზღუდვების გამო ჩინეთში ხელმისაწვდომი არ არის.
BM.GE
წყარო: bm.ge