
„ტრენდული სახლი“ ქსელს აფართოებს - როგორია კომპანიის გეგმები?
საცალო ვაჭრობის ქსელი „ტრენდული სახლი“ გაფართოებას განაგრძობს. კომპანიამ, რომელსაც ქართულ ბაზარზე 5-წლიანი ისტორია აქვს, თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩის 110/112 ნომერში ახალი ფილიალი გახსნა, მომდევნო ეტაპზე კი ქსელის გაფართოებას გლდანსა და საქართველოს რეგიონებში გეგმავს.
როგორც „ტრენდული სახლის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ქოქოსაძე BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, ნაძალადევში გახსნილი ფილიალი განახლებული სავაჭრო კონცეფციით გამოირჩევა. კომპანიამ ასორტიმენტიც გააფართოვა და მომხმარებელს სახლისთვის საჭირო სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ერთ სივრცეში შეძენის შესაძლებლობას სთავაზობს.
"ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა ერთ სივრცეში, კომფორტულ გარემოში შეძლოს სახლისთვის საჭირო ყველა ნივთის შერჩევა - იქნება ეს ტექსტილი, ჭურჭელი, დეკორი, ტექნიკა თუ სხვა პროდუქცია. გვინდა, რომ მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის ნივთების მოსაძებნად რამდენიმე მაღაზიაში სიარული არ დასჭირდეს და სასურველი პროდუქციის შეძენა ერთ სივრცეში შეძლოს“, - აცხადებს ნათია ქოქოსაძე.
ახალი ფილიალის გახსნა ქსელის განვითარების გეგმის მხოლოდ ერთი ნაწილია. როგორც კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი კვიჟინაძე BM.GE-სთან ამბობს, დაახლოებით თვე-ნახევარში „ტრენდული სახლი“ გლდანში კიდევ ერთი, ამ დროისთვის ყველაზე დიდი ფილიალის გახსნას გეგმავს. ხუთსართულიან სავაჭრო სივრცეში მომხმარებელს კომპანიის პროდუქციის ფართო არჩევანი დახვდება.
"ვაპირებთ განვითარებას, გაფართოებასა და ზრდას. დაახლოებით თვე-ნახევარში დაგეგმილია კიდევ ერთი, ყველაზე დიდი ფილიალის გახსნა გლდანის რაიონში, სადაც მომხმარებელს ხუთ სართულზე განთავსებული „ტრენდული სახლი“ და ჩვენი პროდუქცია დახვდება. ჩვენი სამომავლო გეგმები მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება. მომდევნო წლიდან ვგეგმავთ, დედაქალაქს გავცდეთ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავხსნათ ფილიალები. გვინდა, „ტრენდული სახლი“ უფრო მეტ მომხმარებელს გავაცნოთ და ქსელი ქვეყნის მასშტაბით განვავითაროთ“, - აცხადებს გიორგი კვიჟინაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge