
"Trump Tower Tbilisi-ს პროექტში 7 ქართველი მყიდველი უკვე გვყავს" - ილია წულაია
Trump Tower Tbilisi-ის პროექტში, The Trump Organization-ის პარტნიორი კომპანია “არქის” დამფუძნებელ ილია წულაიას ინფორმაციით, Trump Tower Tbilisi-ს პროექტში უკვე შვიდმა ქართველმა შეიძინა უძრავი ქონება.
"Trump Tower Tbilisi-ს პროექტში 7 ქართველი მყიდველი უკვე გვყავს", - უთხრა ილია წულაიამ ჟურნალისტებს Trump Tower Tbilisi-ის ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ.
მისივე თქმით, პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2 მილიარდი დოლარია, თუმცა ილია წულაიამ არ დააკონკრეტა, პროექტში დებს თუ არა საკუთარ ინვესტიციას The Trump Organization-ი.
“ჩვენ დავასახელეთ ვინ არიან ამ პროექტის პარტნიორები ( „არქი ჯგუფი“, „ბიოგრაფი ლივინგი“, „ბლოქსი ჯგუფი“, „ფინვესტ ჯორჯია“ და ამერიკული The Sapir Organization) ასევე პროექტის პარტნიორები არიან ქართული ბანკები, რომელთაგან სრული მხარდაჭერა გვაქვს დაფინანსების მიმართულებით… პარტნიორებს შორის ვინ რამდენს ჩადებს, ახლა ვერ გეტყვით. ტრამპის ორგანიზაციასთან ჩვენ გვაქვს თანამშრომლობა, კოოპერაცია, ამიტომ კომერციული პირობები - ვინ რამდენს ჩადებს, ვინ რას იზამს - ეს არის ჩვენი კომერციული შიდა საიდუმლოება”, - თქვა მან.
ილია წულაიას შეფასებით, Trump Tower Tbilisi-ი ქართული უძრავი ქონების ბაზრის, დაახლოებით, 5-10 წლით წინ წასწევს და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას გაზრდის.
„ეს არ არის უბრალოდ მორიგი პროექტი, შენობა თუ საცხოვრებელი კომპლექსი - ეს გახლავთ ქართული უძრავი ქონების ბაზრის განვითარების 5–10 წლით წინ გადადგმული ნაბიჯი. პროექტის მასშტაბი, უმაღლესი სტანდარტები და მსოფლიო დონის პრემიუმბრენდის („Trump Tower“) შემოსვლა მკაფიო სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველოს უძრავი ქონების სექტორი განსაკუთრებით მიმზიდველია. ასეთი ტოპ-ბრენდის გამოჩენა ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს. შესაბამისად, აღნიშნული ინიციატივით ჩვენ არა მხოლოდ კონკრეტულ პროექტს ვახორციელებთ და უძრავი ქონების ინდუსტრიას ვავითარებთ, არამედ წვლილი შეგვაქვს მთლიანად ეროვნული ეკონომიკის გაძლიერებასა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაში”, - განაცხადა ილია წულაიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge