
უცხო ქვეყნის მოქალაქემ ქონების თაღლითურად დაუფლების სქემით პირს ₾2.1 მილიონის ქონებრივი ზიანი მიაყენა - პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბრალდებულმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის კუთვნილი, საქართველოში რეგისტრირებული კომპანიისა და ძვირადღირებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების სქემა შეიმუშავა. კერძოდ, ბრალდებულმა სხვა პირის ყალბი პასპორტი და თითქოსდა მესაკუთრის მიერ გაცემული ყალბი მინდობილობა გამოიყენა. ამ დოკუმენტების ნოტარიუსთან და მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენის გზით, დაზარალებულის კომპანიის 100%-იანი წილი და ორგანიზაციაზე აღრიცხული ქონებები, მოტყუებით გადაიფორმა საკუთარ სახელზე.
"განზრახვის საბოლოოდ განსახორციელებლად, ბრალდებულმა, უკანონოდ დაუფლებული იურიდიული პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, საბაზრო ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად გაყიდა მესამე პირზე.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კომპანიასა და მის აქტივებს, რითაც დაზარალებულს 2 120 000 ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენა.
ვინაიდან ბრალდებულს გადაკვეთილი აქვს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მას ბრალდება დაუსწრებლად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით) და 362-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
BM.GE
წყარო: bm.ge