
უზენაესმა სასამართლომ ტრამპს მიგრანტების მესამე ქვეყნებში დეპორტაციის უფლება მისცა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მიგრანტების მესამე ქვეყნებში დაჩქარებული წესით დეპორტაციის განახლების ნებართვა მისცა. არსებული ინფორმაციით, უმაღლესი ინსტანციამ დროებით შეაჩერა ქვედა სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც მიგრანტებს წამებისა და დევნის რისკების გასაჩივრების შესაძლებლობა ეძლეოდათ.
აღსანიშნავია, რომ განკარგულებას მხარი ექვსმა, კონსერვატორული შეხედულებებით ცნობილმა მოსამართლემ დაუჭირა, 3 ლიბერალი წევრი კი მიღებულ ვერდიქტს ღიად დაუპირისპირდა.
როგორც ირკვევა, უზენაესი სასამართლო ამ საქმეზე არსებით ზეპირ მოსმენებს დეკემბერში დაიწყებს, იქამდე კი გადაწყვეტილება ძალაში იქნება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თეთრი სახლი ქვედა ინსტანციების მიერ დაწესებულ მოთხოვნებს ქვეყნიდან არალეგალების ეფექტიანი გაყვანის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად მიიჩნევდა. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ტოდ ბლანშმა ახალ პოლიტიკას სრულიად კანონიერი და საიმიგრაციო კონტროლისთვის კრიტიკულად აუცილებელი ინსტრუმენტი უწოდა.
თავის მხრივ, გადაწყვეტილებას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ექსპერტთა კოლეგიაც გამოეხმაურა. მათი შეფასებით, ოფიციალურ ვაშინგტონს უნდა ესმოდეს ის მოსალოდნელი კრიტიკული რისკები, რაც მსგავს რადიკალურ ნაბიჯებს შეიძლება ახლდეს. ისინი მიიჩნევენ, რომ მიგრანტების მესამე ქვეყნებში იძულებით გაგზავნა გამოიწვევს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევას, და, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა სიკვდილსაც.
უფლებადამცველების ცნობით, დეპორტირებული ადამიანები მიმღებ სახელმწიფოებში ლეგალური სტატუსის გარეშე დარჩებიან და ძალადობის წინაშე დაუცველნი აღმოჩნდებიან.
ცნობისთვის, პროექტ Third Country Deportation Watch-ის ანგარიშის მიხედვით, ტრამპის ადმინისტრაციამ 29 ქვეყანაში უკვე გააძევა 25,000-ზე მეტი მიგრანტი. დეპორტირებულთა მიმღებ სახელმწიფოებს შორის კი უმეტეს შემთხვევაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა და სამხრეთ სუდანი აღმოჩნდნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge