მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ყალბი „ქეისები“ აშშ-ის ვიზისთვის - პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსთან ერთად ორი თაღლითური ჯგუფი გამოავლინა
ყალბი „ქეისები“ აშშ-ის ვიზისთვის - პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსთან ერთად ორი თაღლითური ჯგუფი გამოავლინა

ყალბი „ქეისები“ აშშ-ის ვიზისთვის - პროკურატურამ აშშ-ის საელჩოსთან ერთად ორი თაღლითური ჯგუფი გამოავლინა

BM.GE2 ივნისი, 2026, 12:25|bm.ge

საქართველოს პროკურატურამ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტებზე ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინა. უწყებამ 3 პირი დააკავა, ხოლო 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

საგამოძიებო უწყების ცნობით, საქმე ეხება მოქალაქეებისთვის აშშ-სა და კანადაში არალეგალურად დარჩენის ხელშეწყობას, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ორგანიზებას.

გამოძიებით დადგინდა, რომ აშშ-ში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და საზღვრის გადაკვეთის გაძნელების გამო, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. ისინი აშშ-ში თავშესაფრის მსურველებს ე.წ. „ქეისის“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია საქართველოს 366 მოქალაქე, ვინც ამ ჯგუფს მიმართა.

სქემის მიხედვით, ჯგუფის წევრები „ქეისებში“ არარსებულ ისტორიებს წერდნენ, თითქოს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში პოლიტიკური შეხედულებების ან სექსუალური ორიენტაციის გამო დევნიდნენ. ისტორიების გასამყარებლად ისინი ყალბ დოკუმენტებს ამზადებდნენ და სანაცვლოდ სოლიდურ თანხებს ითხოვდნენ:

• ყალბი ისტორიის შედგენა - 1 000-დან 1 500 აშშ დოლარამდე; • ყალბი დოკუმენტების დამზადება - 3 000 აშშ დოლარი; • საქმის წარმოება და „წარმატებით დასრულება“ - დამატებით 6 000-დან 8 000 აშშ დოლარამდე.

გარდა ამისა, ჯგუფის ორი წევრი აშშ-ის საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას ჰპირდებოდა, რის სანაცვლოდაც 4 მოქალაქისგან 10 000 აშშ დოლარი აიღეს, თუმცა მათ რეალურად არანაირი დახმარება არ გაუწიეს.

დანაშაულებრივი ჯგუფი მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებასაც ჰპირდებოდა. თბილისის პროკურატურის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, 800 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ყალბი საბანკო ამონაწერი და სამუშაო ცნობა (თითქოს პირი აშშ-ში იყო დასაქმებული) თავად პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა.

ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში გამოვლინდა კიდევ ერთი ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც აშშ-ის ვიზის მიღების მსურველებს სოციალურ ქსელებში ეძებდა. ისინი მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ ვიზის მიღებამდე, აპლიკაციის საფასურის გარდა, არაფერს გადაიხდიდნენ, ხოლო წარმატების შემთხვევაში ჯგუფისთვის 10 000-დან 15 000 აშშ დოლარამდე უნდა გადაეხადათ.

ჯგუფმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები 65 მოქალაქეს დაუმზადა, რის საფუძველზეც ნაწილმა ვიზის მიღება შეძლო და ბრალდებულებს ხელზე 112 000 აშშ დოლარი გადასცა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩომ დოკუმენტების გადამოწმება დაიწყო და სიყალბე აღმოაჩინა, ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ეს ჯგუფი დაეხმარა, ვიზა გაუუქმდა. მიუხედავად ამისა, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით, ჯგუფმა მოქალაქეებისგან ფინანსური სარგებლის სახით 142 786 აშშ დოლარი, 15 095 ლარი და 1 560 ევრო მიიღო.

საქართველოს პროკურატურამ ცხრავე პირს ბრალი წარუდგინა თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებისა და მოქალაქეების უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისა თუ მცდარი ინფორმაციით თავშესაფრის მიღების ორგანიზების მუხლებით. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. გამოძიება სხვა შესაძლო მონაწილე პირების გამოვლენის მიზნით გრძელდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

როგორ შეუძლია საგადასახადო პოლიტიკას გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და შეამციროს თამბაქოს მოხმარების ზიანი

როგორ შეუძლია საგადასახადო პოლიტიკას გააუმჯობესოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და შეამციროს თამბაქოს მოხმარების ზიანი

BM.GE

ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო - გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება

ო კაპიტანო, ჩემო კაპიტანო - გურამ კაშია ეროვნულ ნაკრებს ემშვიდობება

BM.GE

მთავრობამ ინფრასტრუქტურის მშენებლებს 8%-ის მოგების მარჟა განუსაზღვრა, დააწესა გაუთვალისწინებელი და ზედნადები ხარჯები

მთავრობამ ინფრასტრუქტურის მშენებლებს 8%-ის მოგების მარჟა განუსაზღვრა, დააწესა გაუთვალისწინებელი და ზედნადები ხარჯები

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE