
ზელენსკიმ არჩევნების ჩატარების პირობად 60-დღიანი ზავი დაასახელა
უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებს 60-დღიანი სრული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის პირობებში ჩაატარებს - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია ABC-ის ეთერში განაცხადა.
როგორც ირკვევა, უკრაინის ლიდერმა დონალდ ტრამპის გუნდს რუსეთის პრეზიდენტთან ორთვიანი სრული ზავის შეთანხმება შესთავაზა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესის ორგანიზება რუსული სამხედრო აგრესიის შეჩერების გარეშე ვერ მოხერხდება. ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურმა თქვა, რომ ქვეყნის ახალი ლიდერის არჩევის უფლება მხოლოდ უკრაინელ ხალხს ეკუთვნის და ამაში სხვა არავინ უნდა ჩაერიოს.
ინფორმაციისთვის, ზელენსკის ეს პოზიცია აშშ-ის პრეზიდენტის კრიტიკულ განცხადებას მოჰყვა. როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დადგა დრო, უკრაინას ახალი პრეზიდენტი ჰყავდეს. მისი მტკიცებით, მოქმედი მმართველი რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე იერიშების მიტანას არ აჩერებს და ამით გლობალურ ბაზარზე ენერგორესურსების გაძვირებას იწვევს.
ABC-სთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტი ამ თემასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ საწვავის ფასების ზრდასთან დაკავშირებული ბრალდებები არასწორია. ზელენსკის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაძვირება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს უკავშირდება. თუმცა ისიც აღნიშნა, რომ კიევი რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ობიექტებზე შეტევების შეჩერებისთვის მზადაა, თუ მსგავს ნაბიჯს მოსკოვიც გადმოდგამს და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს შეწყვეტს.
BM.GE
წყარო: bm.ge