ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის
1 თებერვლიდან პირები, რომლებიც შემოსავალს ქართულ ლარში იღებენ, ვეღარ შეძლებენ უცხოურ ვალუტაში ისეთი სესხების აღებას, რომელთა ღირებულებაც 1.5 მილიონ ლარზე ნაკლებია. აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა 25 ნოემბერს მიიღო და მის ფარგლებში არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 1 მილიონიდან 1.5 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ეს ნაბიჯი, რომელიც, ბანკის განცხადებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი პოლიტიკის ნაწილია, მაისში განხორციელებული ცვლილების გაგრძელებაა. მაშინ ზღვარი 750 000 ლარიდან 1 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ეროვნული ბანკის მიერ „თანმიმდევრულად“ გატარებული პოლიტიკის შედეგად ფინანსური დოლარიზაციის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა დოლარიზაციით გამოწვეული „სტრუქტურული რისკები“ კვლავ ფინანსური სექტორის „ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა“.
„ეროვნული ბანკი, გაცხადებული პოლიტიკის ფარგლებში, ფინანსურ სექტორთან კოორდინაციითა და არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით, დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას განაგრძობს“, – აცხადებს ბანკი.
მისი თქმით, ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის „მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას“ და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.
