ორიგინალი
ზურაბაშვილი რუსეთთან დიალოგს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული
სივილ ჯორჯია·13:06

ზურაბაშვილი რუსეთთან დიალოგს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული

26 ნოემბერი, 2026 · 13:06

25 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, გიორგი ზურაბაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, დაიცვა თბილისის მიერ რუსეთთან განახლებული დიალოგი, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ მოსკოვის მიდგომა ოპოზიციურ ნარატივებს აძლიერებს. მან ასევე მიანიშნა, რომ მისი მანდატი უსაფრთხოების საკითხებსაც მოიცავს.

„იმედი ლაივის“ წამყვანთან, მაგდა ანიკაშვილთან საუბრისას, ზურაბაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ გალუზინთან, თავისი პირველი შეხვედრა გაიხსენა. მან იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ მოსკოვი არ არის მზად, ქართულ ღვინოზე შეზღუდვები მოხსნას. ამასთან, განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ წამოჭრილი საკითხები „ქართული ოცნების მთავრობის წინააღმდეგ არის მიმართული“.

მიუხედავად ამისა, ზურაბაშვილმა დაიცვა განახლებული დიალოგი და აღნიშნა, რომ ის აუცილებელია საქართველოს გაერთიანებისა და ორმხრივი ურთიერთობების დარეგულირებისთვის.

მანდატის შესახებ: აუცილებელია საუბარი დეოკუპაციასა და სუვერენიტეტზე

როდესაც ანიკაშვილმა მას განახლებული დიალოგის მანდატის შესახებ ჰკითხა, ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს ათწლეულების განმავლობაში „ძალიან რთული ურთიერთობები“ ჰქონდათ, რაც განპირობებულია „იმ უთანხმოებით, რასაც ჰქვია საქართველოს სუვერენიტეტი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები და დეოკუპაცია“.

„ზუსტად ამ პრობლემების გამო და ამ პრობლემებისთვის საჭიროა დიალოგი, საჭიროა ამაზე მსჯელობა, საჭიროა შეხვედრები, რომ ვიპოვოთ საერთო გზები თუ როგორ გადავწყვიტოთ ეს პრობლემები“, – განაცხადა ზურაბაშვილმა, რითიც ირიბად დაადასტურა კრიტიკა იმის თაობაზე, რომ მანდატმა, რომელიც ადრე მხოლოდ სავაჭრო და ჰუმანიტარული საკითხებით შემოიფარგლებოდა, შესაძლოა უსაფრთხოების საკითხებიც მოიცვას.

იმპორტის შეზღუდვების შესახებ: „გაოცებული და გაოგნებული ვიყავი“

19 ნოემბერს მინსკში გამართული შეხვედრის დეტალებზე საუბრისას, ზურაბაშვილმა აღნიშნა, რომ ქართული მხარისთვის „მთავარი და პრინციპული საკითხი იყო ქართული ღვინის დაბრუნება რუსეთის ბაზარზე“ მას შემდეგ, რაც მოსკოვმა ცოტა ხნის წინ შეზღუდვები დააწესა რამდენიმე მსხვილი ქართული მწარმოებლის სასმელების იმპორტსა და გაყიდვაზე.

ზურაბაშვილის თქმით, შეხვედრისას გალუზინმა შეზღუდვების სამი ძირითადი მიზეზი დაასახელა. მათ შორის იყო „ხარისხთან დაკავშირებული საკითხები“, ასევე მტკიცება, თითქოს ეს კომპანიები „აფინანსებენ უკრაინის ომს, ანუ უკრაინელების სასარგებლოდ ომს, და მესამე იყო რომ ესენი იყვნენ დაკავებულები ანტირუსული ნარატივით“.

„რაც შეეხება ხარისხს, მე, რა თქმა უნდა, ავუხსენი ბატონ გალუზინს, რომ ქართული ღვინო სარგებლობს ძაან მაღალი რეპუტაციით, რომ ქართული ღვინო არის მაღალხარისხიანი, რომ მათ გააჩნიათ არაერთი საერთაშორისო სერთიფიკატი და ლიცენზია, და აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო ეს ბრალდება, თითქოსდა ქართული ღვინო არის დაბალხარისხიანი“, – განაცხადა მან. „რაც შეეხება დანარჩენ ორ საკითხს, ეს იყო უკრაინის დაფინანსება და ანტირუსულ ნარატივს, ეს არის აბსოლუტურად არარელევანტური, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, და მსგავსი არაფერი არ ხდება“.

ზურაბაშვილის თქმით, გალუზინმა მას უთხრა, რომ რუსეთი კიდევ ორი ​​ქართული ღვინის კომპანიისთვის სანქციების დაწესებას განიხილავს.

„რა თქმა უნდა, მე ვიყავი გაოცებული და გაოგნებული ამ სიახლეებით, იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ ხდება, მან ვერცერთი ფაქტი ვერ დამიდო ვერც ხარისხთან მიმართებაში, ვერც იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ან უკრაინის ომის დაფინანსება ან ანტირუსული პროპაგანდა. ასე რომ ეს არის პოლიტიკური საკითხები, რომელსაც არ გააჩნია არაფერი საფუძვლები“, – განაცხადა ზურაბაშვილმა.

მოსკოვის დღის წესრიგი „მეტ ენერგიას აძლევს ოპოზიციას“

ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისმა „რამდენიმე ტექნიკური საკითხი“ დააყენა, რუსულ მხარეს კი „დაახლოებით ათი საკითხი“ ჰქონდა.

„ძირითადში ეს იყო ჰუმანიტარული სფეროს საკითხები, თითქოსდა უვნებელი, მაგალითისთვის გეტყვით, რომ იყო საუბარი იმაზე, რომ დონის უნივერსიტეტი დაძმობილებულიყო ერთერთ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან – თითქოსდა ნამდვილად უვნეებლი საკითხი არის, მაგრამ თუ დააკვირდებით და თუ გააანალიზებთ, ეს ყველაფერი არის მიმართული ქართული ოცნების მთავრობის წინააღმდეგ და აძლიერებს იმ ყალბ პროპაგანდას და ნარატივს, თითქოსდა ქართული ოცნება არის პრორუსული და იმასაც გეტყვით, რომ ეს ყველაფერი არის იმისთვის მიმართული, რომ ენერგია მატოს და მისცეს ჩვენს ოპოზიციურ ძალებს“.

ზურაბაშვილის თქმით, თუ ყველა ეს საკითხი შეჯამდება, მათ შორის ღვინისა და ჰუმანიტარული საკითხები, „ეს ყველაფერი არის მიმართული ქართული ოცნების მთავრობის წინააღმდეგ, აძლიერებს ოპოზიციას და მეტ ენერგიას აძლევს ოპოზიციას“.

„მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები არამარტო ავნებს საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხები აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის და ავნებს რუსეთის მოსახლეობას“, – დასძინა მან.

„ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის“ დიალოგი აუცილებელია

დიალოგის სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით ზურაბაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ჩამოთვლილი სირთულეებისა და შეხვედრის მიმართ არსებული სკეპტიციზმისა, „დიალოგი აუცილებელია“.

„მე გეტყვით, რომ აუცილებელია დიალოგი, აუცილებელია გაგრძელდეს ეს დიალოგი, ძალიან გულახდილი, რათა ჩვენ ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მთავრობას, რომ მივაღწიოთ ჩვენი ურთიერთობების დარეგულირებას, მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიების გაერთიანებას“, – განაცხადა მან. „ამის გარეშე ჩვენთვის შეუძლებელი იქნება რომ წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ ჩვენს მთავარ ოცნებას, ერთიან, ძლიერ საქართველოს“.

სრული სტატია წყაროზეწყარო: civil.ge
  1. მთავარი
  2. სივილ ჯორჯია
  3. ზურაბაშვილი რუსეთთან დიალოგს იცავს, თუმცა აცხადებს, რომ მოსკოვის მიდგომა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაა მიმართული

თემა: ზურაბაშვილი

ამ თემას 24 ქართული წყარო აშუქებს — სულ 96 სტატია.

  • ფორმულა·19:15
    გიორგი ზურაბაშვილმა და პაველ ჰერჩინსკიმ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები განიხილეს
  • პოსტივი·19:05
    საგარეო უწყება: გიორგი ზურაბაშვილმა ევროკავშირის მხარეს კიდევ ერთხელ სთხოვა, წარმოადგინოს კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ იგულისხმება „თვითნებურად დაკავებულთა შორის“ მაშინ, როცა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებით მიღებულია შესაბამისი სამართლებრივი შედეგი
  • აიპრესი·18:56
    გიორგი ზურაბაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
  • პალიტრა ნიუსი·18:48
    საგარეო უწყება - გიორგი ზურაბაშვილმა პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე და რეზოლუციაზე, რაც საქართველოს შესახებ ყალბი ნარატივების გასავრცელებლად მორიგი მიზანმიმართული ნაბიჯია
ზურაბაშვილიოცნებისდიალოგი

ტექსტის ზომა

გაზიარება

მსგავსი სიახლეები

სივილ ჯორჯია·19:07

კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია

კობახიძე ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებულ შეზღუდვებში შესაძლოა „დიფ სთეითის“ ხელი ურევია
სივილ ჯორჯია·16:02

საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძისა და „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

საქართველოს შესახებ ახალ რეზოლუციაში ევროპარლამენტი პაატა ბურჭულაძისა და „ყველა პოლიტპატიმრის“ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია·10:32

ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს

ლავროვს თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზება სურს, მინსკი რუსეთ-საქართველოს დიალოგის დედაქალაქებში გადატანაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია·17:46

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის

ეროვნული ბანკი არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარს კვლავ ზრდის
NEWSGEONEWSGEO

NEWSGEO აერთიანებს საქართველოს წამყვანი მედიასაშუალებების სიახლეებს ერთ სივრცეში. თითოეული სტატია მიეკუთვნება შესაბამის წყაროს და მითითებულია ავტორობა.

გამომცემელი: Alienlab LLC, საქართველო
Info@alienlab.ge

არხები

  • პირველი არხი
  • რუსთავი 2
  • იმედი
  • ფორმულა
  • ნეტგაზეთი
  • ტვ პირველი
  • BM.GE
  • პუბლიკა
  • სივილ ჯორჯია
  • რადიო თავისუფლება
  • GHN
  • ფორბს საქართველო
  • ინტერპრესნიუსი
  • ამბები.ge
  • პალიტრა ნიუსი
  • ფრონტნიუსი
  • კვირის პალიტრა
  • აჭარის ტელევიზია
  • პრაიმტაიმი
  • კომერსანტი
  • ინფო 9
  • ნიუპოსტი
  • აიპრესი
  • ალია
  • პოსტივი
  • ევრონიუსი საქართველო
  • ლიბერალი
  • კვირა
  • BPN
  • ჯემნიუსი
  • სპორტოლი
  • ლელო
  • შენი ბათუმი
  • ნიუპრესი
  • ინფო იმერეთი

განყოფილებები

  • მთავარი
  • თემები
  • ტვ/რადიო
  • ამინდი
  • ვალუტა
  • ჰოროსკოპი
  • მიწისძვრები
  • საწვავი

ინფორმაცია

  • ჩვენ შესახებ
  • მხარდაჭერა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები
  • RSS

© 2026 NEWSGEO · Alienlab LLC

სიახლეების უფლებები ეკუთვნის შესაბამის მედიასაშუალებებს.