
პაპუაშვილი რუსეთის საგარეოს განცხადებაზე: ჩვენი მიზანია მათ პოზიცია შევაცვლევინოთ
"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ახალი არაფერია და ისინი ყოველ ჯერზე, სიტყვა-სიტყვით იმავეს იმეორებენ.
პაპუაშვილის თქმით, მათი მიზანია, რუსეთს ეს პოზიცია შეაცვლევინონ.
"არაფერი ახალი ამ განცხადებაში არ არის. როდესაც ჟენევის ფორმატში იმართება ხოლმე შეხვედრები, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ყოველ ჯერზე ზუსტად ამ საკითხს აყენებენ. ამის საპირისპიროდ, ჩვენგან დგება საკითხები დევნილების დაბრუნების, რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის და ა.შ. არაფერი ამაში ახალი არ არის. საქმეც იმაშია, რომ ჩვენი მცდელობაა იქით მიმართული, რომ რუსეთმა შეცვალოს თავისი საოკუპაციო პოლიტიკა და დაუბრუნდეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების პოლიტიკას. ამისკენ არის მიმართული ჩვენი ძალისხმევა. რაც შეეხება ამ განცხადებას - რა თქმა უნდა, წლებია ეს ასე გრძელდება, ყოველ ჯერზე, სიტყვა-სიტყვით იმავეს იმეორებენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია, რომ რუსეთს ეს პოზიცია შევაცვლევინოთ", - თქვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთი საქართველოსგან კვლავ მოითხოვს ოკუპირებული სოხუმისა და ცხინვალის მიმართ "ძალის გამოუყენებლობის შესახებ გარანტიების გაცემასა და საზღვრების დელიმიტაციას", რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ სერგეი ლავროვის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან გამართულ ვიდეოკონფერენციაზე დააყენა, რომელიც ნოემბერში დაგეგმილ მორიგ რაუნდს შეეხებოდა.
"ნოემბერში დაგეგმილი მორიგი რაუნდისთვის მზადების ფარგლებში დეტალურად განიხილეს დისკუსიების მიმდინარე საკითხები, რომლებიც ამ მნიშვნელოვანი მოლაპარაკების ფორმატის დღის წესრიგშია. რუსეთის მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მტკიცე უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას.
პრაქტიკული თვალსაზრისით, ყურადღება უნდა გამახვილდეს კონკრეტული ზომების შემუშავებაზე, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეხება ოფიციალური თბილისის მიერ სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ძალის გამოუყენებლობის გარანტიების გაცემას, აგრეთვე საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას, რასაც შემდგომში მათი დემარკაცია უნდა მოჰყვეს", - აღნიშნულია განცხადებაში.
ფორმულა
წყარო: formulanews.ge