ქუვეითში ირანული დრონებით თავდასხმის შედეგად იტალიის ორი მოქალაქე დაიღუპა - იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, 26 ნოემბერს ქუვეითში ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად იტალიური კომპანია Rheinmetall Italia-ს ორი თანამშრომელი დაიღუპა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
ტაიანის თქმით, Rheinmetall Italia-ს ორი ტექნიკოსი ქუვეითში საჰაერო თავდაცვის სადამკვირვებლო სადგურზე მუშაობდა, როდესაც ობიექტი ირანული დრონების სამიზნე გახდა.
„ქუვეითიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ძლიერი აფეთქების შედეგად ჩვენი ორივე თანამემამულე დაიღუპა. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა: პაკისტანის მოქალაქე და ქუვეითის არმიის კაპიტანი“, - განაცხადა ტაიანიმ.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ორი იტალიელი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მნიშვნელოვანი ობიექტის თავდასხმის შედეგად ჩამოცვენილი ნამსხვრევებით ოთხი ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ობიექტს ირანული დრონები დაესხნენ თავს.
ქუვეითის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ქუვეითის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დრონი აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს. უწყების ცნობით, თავდასხმამ მატერიალური ზიანიც გამოიწვია.
„მსურს, ამ მძიმე მწუხარების ჟამს, ღრმა სამძიმარი და თანადგომა გამოვხატო დაღუპულების ოჯახების მიმართ“, - განაცხადა ტაიანიმ.
