თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა - Anadolu
თურქული გამოცემა Anadolu წერს რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა. საუბრის თემა ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარი ინციდენტი და განვითარებული მოვლენები იყო.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყაროების ინფორმაციით, ანკარა ბათუმში მყოფი თურქეთის მოქალაქეების მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება.
უწყების ცნობით, თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები თბილისში და საკონსულოს თანამშრომლები ბათუმში სტადიონზე იმყოფებიან.
Anadolu-ს ცნობით, "მიიღება ყველა საჭირო ზომა მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მათი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად“;
მედია წერს, რომ „ყურადღებით ხდება თურქეთის იმ მოქალაქეების მდგომარეობის მონიტორინგი, რომლებიც ბათუმში იმყოფებიან“.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის მიმდინარეობისას, ტრიბუნებზე მომხდარი ინციდენტის გამო შეხვედრა 25-ე წუთზე შეწყდა. პოლიციამ ინციდემტში მონაწილე გულშემატკივრების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენა. მატჩი მოგვიანებით განახლდა.
