პუტინზე ჯარედ კუშნერის განცხადებებმა უკრაინასა და ევროპაში აღშფოთება გამოიწვია -კიევში ტრამპის წარმომადგენლის მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას ითხოვენ - POLITICO
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლისა და სიძის, ჯარედ კუშნერის განცხადებებს უკრაინელი და ევროპელი პოლიტიკოსების უკმაყოფილება მოჰყვა. უკრაინის უმაღლესი რადას ერთ-ერთი გავლენიანი დეპუტატი კუშნერის რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან ჩამოშორებას მოითხოვს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.
კრიტიკის მიზეზი კუშნერის მიერ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „პოლიტიკის დიდოსტატად“ მოხსენიება და უკრაინაში მიმდინარე ომის ევროპასა და რუსეთს შორის „პროქსი ომად“ შეფასება გახდა.
კუშნერმა ეს განცხადებები Axel Springer-ის აღმასრულებელი დირექტორის, მათიას დიოპფნერის პოდკასტში „MD Meets“ გააკეთა.
კუშნერის თქმით, პუტინმა თავშეკავება გამოიჩინა, რადგან ბირთვული იარაღი არ გამოიყენა. მან ასევე განაცხადა, რომ ომი „ფაქტობრივად გადაიქცა პროქსი ომად, რომელშიც ევროპა უკრაინას აფინანსებს და შეიარაღებას აწვდის რუსეთის წინააღმდეგ“.
უკრაინის უმაღლესი რადას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოლექსანდრ მერეჟკომ განაცხადა, რომ კუშნერის პოზიცია უკიდურესად სახიფათოა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ აშშ-ის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესებისთვისაც.
„დიდი ხანია ვამბობ, რომ უიტკოფი და კუშნერი უნდა შეცვალონ. ისინი უკრაინას უყურებენ არა როგორც რუსეთთან გარიგების დადების მსურველი ბიზნესმენები, არამედ პუტინის თვალით“, განაცხადა მერეჟკომ POLITICO-სთან საუბრისას.
კუშნერის მიერ ომის „პროქსი ომად“ შეფასებამ კიევში განსაკუთრებით დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ დეპუტატმა ჰალინა იანჩენკომ ამ განცხადებას რეალობის სრული დამახინჯება უწოდა, რომელიც, მისი თქმით, უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის როლს უარყოფს.
„როგორც ჩანს, ამ ინტერვიუში ჯარედ კუშნერი გარკვეულწილად რუსეთის ინტერესების დამცველად მოგვევლინა“, – განაცხადა იანჩენკომ.
კუშნერმა ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევიც შეაქო და მას „შესანიშნავი მეგობარი“ უწოდა. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ კი კრიტიკული პოზიცია გამოხატა და განაცხადა, რომ ზელენსკიმ წარსულში ტრამპს უსამართლოდ შეუტია.
კუშნერის განცხადებებს უკრაინის ევროპელი მოკავშირეებიც გამოეხმაურნენ.
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის წარმომადგენელმა, როდერიხ კიზევეტერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი პატიოსანი შუამავლის როლს არ ასრულებს და უკრაინაზე ცალმხრივ ზეწოლას ახდენს.
„ტრამპის პირობებში აშშ რუსეთის მხარეს დგას“, - აღნიშნა გერმანელმა პოლიტიკოსმა.
ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარი-აგნეს შტრაკ-ციმერმანმა კი უკრაინაში ომის „პროქსი ომად“ წარმოჩენას „კრემლის წმინდა პროპაგანდა“ უწოდა.
მისი თქმით, ამ განცხადებების შემდეგ კუშნერს ნეიტრალურ შუამავლად სერიოზულად ვეღარ აღიქვამენ. შტრაკ-ციმერმანის განცხადებით, თეთრი სახლი, როგორც ჩანს, „უფრო პუტინის კალთაში ზის, ვიდრე სამართლიანი მშვიდობის მიღწევაზე მუშაობს“.
POLITICO-ს ცნობით, გამოცემა კუშნერის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარისთვის თეთრ სახლსაც დაუკავშირდა, თუმცა პასუხი არ მიუღია. გამოცემამ კომენტარი პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროებსაც სთხოვა, თუმცა მასალის გამოქვეყნების დროისთვის პასუხი არ მიუღია.
ჰალინა იანჩენკოს შეფასებით, მთავარი საფრთხე ის არის, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა თავად დაიჯეროს ის, რასაც მოსკოვში ეუბნებიან.
„ჩემი აზრით, თბილ ურთიერთობებზე საუბარი მითია, რომლის დაჯერებასაც პუტინი ამერიკულ მოლაპარაკებების გუნდს აიძულებს“, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა.
სტატიის თანახმად, კუშნერის განცხადებები იმ დროს გაკეთდა, როდესაც კიევსა და თეთრ სახლს შორის ურთიერთობები ისედაც დაძაბულია. ზელენსკი კვლავ ითხოვს აშშ-ის წარმოების Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდებას, ხოლო აბუ-დაბიში ამ თვეში გამართულმა აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებმა კონკრეტული გარღვევა ვერ მოიტანა.
