თურქეთში, რიზეს პროვინციაში უკრაინული დრონი ჩამოვარდა - მედია
თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, რიზეს პროვინციაში, უკრაინული დრონი ჩამოვარდა.
შემთხვევა 29 ნოემბრის ღამეს, დაახლოებით 01:30 საათზე, ჩაიელის რაიონის სოფელ ქეფრუბაშიში მოხდა.
თურქული მედიის ცნობით, სპეციალისტებმა დრონის ნამსხვრევების ტექნიკური შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ ის უკრაინული კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული FP-1 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატია.
აფეთქების შედეგად ოთხ საცხოვრებელ სახლს ფანჯრები ჩაემსხვრა. შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 70 კვადრატული მეტრის ფართობის კრატერი წარმოიქმნა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
სამართალდამცველებმა დრონის ნამსხვრევების შესწავლა დაიწყეს.
ქალაქი ჩაიელი თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.
ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში აღმოჩნდა უკრაინული წარმოების დრონი თურქეთის ტერიტორიაზე. თურქეთის ოფიციალურ უწყებებს ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებიათ.
