საქართველოს პარლამენტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილებებს.
ცვლილებების პაკეტი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, რომელთა მიზანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება, ასევე, ალკოჰოლიანი სასმელების ფალსიფიკაციისგან დაცვა და ხარისხის უზრუნველყოფა, რაც აუცილებელია ღვინის გლობალურ ბაზარზე არსებული გამოწვევების და კონკურენციის პირობებში.
ცვლილების თანახმად, 2027 წლის 1 ივნისიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული ალკოჰოლიანი სასმლის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ემატება. ამჟამად, აღნიშნულ კონტროლს ახორციელებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო. შედეგად, ღვინის ეროვნული სააგენტო, ალკოჰოლიანი სასმლის გადამუშავება-წარმოებიდან ბაზარზე განთავსებამდე, სახელმწიფო კონტროლს სრულად უზრუნველყოფს.
ასევე, სააგენტოს უფლებამოსილებად განისაზღვრება ღვინის კომპანიაში ალკოჰოლიანი სასმლის, კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის და სპირტის მოძრაობისა და ნაშთების აღრიცხვა და საქართველოში წარმოებული, შიდა და გარე ბაზრებისთვის განკუთვნილი, აგრეთვე საქართველოში იმპორტისთვის განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის, სპირტის და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის სერტიფიცირება. ღვინის მსგავსად, აკრძალვა გავრცელდება საქართველოში დროებით შემოტანილი ყურძნის ტკბილის შიდა გადამუშავების რეჟიმში მოქცევის მიმართ.
ამასთან ერთად, სახელმწიფო კონტროლი გავრცელდება არა მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების/გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინისა და სპირტიანი სასმლის წარმოებაზე, არამედ კონტროლი ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ალკოჰოლიანი სასმლის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენასაც მოიცავს.
ცვლილებება შეეხო „სახელმწიფო ენოთეკის“ ცნების შემოღებას, რომლითაც რეგულირებას დაექვემდებარება სახელმწიფო ენოთეკასთან დაკავშირებული საკითხები, დადგინდება სახელმწიფო ენოთეკის შექმნისა და ფუნქციონირებისათვის შესაბამისი კრიტერიუმები და განკარგვის წესი.
ცვლილებებით დაზუსტდა, მეღვინეობის პრაქტიკაში დამხმარე მასალების გასახსნელად გამოსაყენებელი წყლის გამოყენების საკითხი. კერძოდ, კი ღვინის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე წყლის დამატება აკრძალული რჩება, გარდა საფუარის, ბენტონიტის და სხვა დამხმარე მასალების გასახსნელად გამოყენებისა.
