შოთა ხაბარელი ბათუმში მომხდარ ინციდენტზე: „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები მსვლელობისას ქუჩებშიც აგრესიულად იქცეოდნენ და იგინებოდნენ. ეს ყველაფერი გაგრძელდა არენაზე. პოლიციამ გამოიყენა შესაბამისი კანონიერი ღონისძიებები
სპორტული ღონისძიებების დროს ასეთი რამ ხდება. პოლიციამ იმოქმედა კანონის ფარგლებში, - განაცხადა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ხაბარელმა გუშინ ბათუმში საფეხბურთო მატჩისას მომხდარი ინციდენტის შესახებ.
მისი თქმით, „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები მსვლელობისას ქუჩებშიც აგრესიულად იქცეოდნენ და იგინებოდნენ.
„ეს ყველაფერი მერე უკვე გაგრძელდა არენაზე. პოლიციამ გამოიყენა შესაბამისი კანონიერი ღონისძიებები და ვფიქრობ, რომ პოლიციამ კანონის შესაბამისად იმოქმედა“, - აღნიშნა შოთა ხაბარელმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. „მინდა მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც აგვარიდეს ძალიან დიდ მოსალოდნელ საფრთხეს და ღირსეულად გაართვეს თავი საპოლიციო ღონისძიებას“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, საპოლიციო ღონისძიების დროს მიზანი ქომაგების დაკავება არ ყოფილა, მიზანი იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა: „თუმცა ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია და აუცილებლად ყველა წარმოებას მოჰყვება შედეგი. მათ შორის გარკვეული პერიოდით შესაძლებელია აეკრძალოთ ჩვენს ქვეყანაში შემოსვლა“. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულად დაკავებული ყველა პირი ამ დროისთვის გათავისუფლებულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, საფეხბურთო კლუბების „ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევას“ მატჩის დროს, სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
