
Anadolu Agency: აშშ და ირანი 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ
აშშ და ირანი შეთანხმდნენ, რომ ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, რომლის ვადა 17 აგვისტოს იწურება, გაახანგრძლივებენ. ინფორმაციას Anadolu Agency პაკისტანის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ორივე მხარემ შუამავლებს აცნობა, რომ თანახმაა ვადის გახანგრძლივებაზე. თუმცა, მხარეები ერთმანეთს შეტყობინებებს უგზავნიან, რათა გახანგრძლივების კონკრეტულ ვადაზე შეთანხმდნენ“, - განაცხადა მოლაპარაკებების პროცესთან დაახლოებულმა წყარომ.
სააგენტოს ცნობით, აშშ და ირანი პაკისტანის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტაზე აპრილში შეთანხმდნენ, მოგვიანებით კი, 17 ივნისს, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც საბოლოო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები დაიწყო.
თუმცა მოლაპარაკებები მოგვიანებით ჩიხში შევიდა უსაფრთხოების გარანტიებსა და ჰორმუზის სრუტეში თავისუფალ ნაოსნობასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. ჰორმუზის სრუტე გლობალური ენერგომომარაგებისა და ვაჭრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მარშრუტია.
8-დან 24 ივლისამდე აშშ-მ და ირანმა ერთმანეთს სამხედრო დარტყმებით უპასუხეს. ვაშინგტონმა ირანის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე იერიშები განახორციელა, თეირანმა კი საპასუხოდ რამდენიმე არაბულ ქვეყანაში, მათ შორის იორდანიაში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე დარტყმები განახორციელა.
იმედი
წყარო: imedinews.ge