
ბექა ძამაშვილი: ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია და აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან
იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქმეზე „მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ისაუბრა.
„ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, ცალკეული პოლიტიკური აქტორების მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარე აქტორების მხრიდან იყო მცდელობა, თითქოს არასწორი ნარატივი დამკვიდრებულიყო; შეხედულება, თითქოს გამოხატვის თავისუფლება არის იმდენად აბსოლუტური, განსაკუთრებით, თუ ის მიმართულია საჯარო პირების წინააღმდეგ საჯარო პირებში არ ვგულისხმობ მხოლოდ პოლიტიკოსებს ან საჯარო მოსამსახურეებს, ზოგადად საჯარო პირები ეს შეიძლება იყვნენ სპორტსმენები, სასულიერო პირები და ა.შ. იყო მცდელობა, დამკვიდრებულიყო, რომ თითქოს, თუ ადამიანი არის საჯარო პირი, მან უნდა ითმინოს ყველაფერი - ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა; თმენის ვალდებულებაზეც არ იყო, ეს ყველაფრის მოთმენაზე იყო საუბარი - ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, დამცირება, ზიზღი, სიძულვილი. აი, თანდათანობით, ეტაპობრივად ხდებოდა ამის დაკვიდრება და ეს საქმე იყო მცდელობა, რომ თითქოს საერთაშორისო სასამართლოს მხრიდანაც, თუნდაც, პატარა ნაწილში რაღაც ან შეფასება გაკეთებულიყო, ან რაღაც დარღვევა დადგენილიყო, საბოლოოდ მომხდარიყო აი ამ მცდელობის დამკვიდრება ქართულ რეალობაში, რომ თითქოს ლანძღვა-გინება არის, ასე ვთქვათ, დაშვებული, მითუმეტეს, თუ ეს ხდება ინტერნეტსივრცეში, ანუ მიდგომა ასეთი იყო, მომჩივნის წარმომადგენელი საია სწორედ ამას ამბობდა, რომ, ერთი მხრივ, საჯარო პირებმა უნდა ითმინონ ყველაფერი, ასევე, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლებაზე საერთოდ არ უნდა გავრცელდეს შესზღუდვები. ეს იყო მოთხოვნა და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია. აი, ამ საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს არათუ უფლება აქვს, გარკვეულწილად, ვალდებულებაც აქვს, რომ საჯარო მოსამსახურეები დაიცვას ამგვარი თავდასხმებისგან, რადგან მათ უნდა მიეცეთ მშვიდ, დაცულ გარემოში ყოველდღიური საქმიანობის წარმართვის შესაძლებლობა; მეორე, ევროპული სასამართლო დაგვეთანხმა იმაში, რომ ინტერნეტსივრცე, კიბერსივრცე - ამ სივრცეში ადამიანი არის კიდევ უფრო მეტად მოწყვლადი, რომ ადამიანის უფლებები შეიძლება დაირღვეს, რადგან ეს არის შესაძლებლობა, რომ ინფორმაცია სწრაფად გავრცელდეს და მაქსიმალურად დიდ აუდიტორიას მისწვდეს, და მეორე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზე ყურადღება გავამახვილოთ: ჩვენ ამას ვწერდით ჩვენს შესაგებელში და ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა, კიბერსივრცის და ინტერნეტსივრცის რეგულირება და მკაცრი რეგულირება არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ახალგაზრდებისა და არასრულწლოვნების უფლებების დაცვის კუთხითაც, რადგან ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, გაიზიარა ჩვენი მოსაზრება, რომ ინტერნეტსივრცეზე წვდომა აქვს ბავშვებსაც და, შესაბამისად, როდესაც ის გაჯერებულია ზიზღით, სიძულვილის ენით, ლანძღვა-გინებით, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი, რომ ეს შეზღუდოს“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
