
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ აუდიტის შედეგად უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენის ფონზე თანამდებობას დატოვებს
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა, რომ აუდიტის შედეგად უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვებთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენის ფონზე თანამდებობას დატოვებს.
პევკურის თქმით, აუცილებლად მიიჩნევს გადადგომას უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვებთან დაკავშირებით ეროვნული აუდიტის სამსახურის მიერ დასმული შეკითხვების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ყოფილა ამაში ჩართული.
„როგორც თავდაცვის მინისტრმა, რა თქმა უნდა, უნდა ვაღიარო, რომ პასუხისმგებელი ვარ ჩემი სამინისტროს საქმიანობის მთელ სფეროზე. ლიდერს უნდა ეყოს სიმამაცე და გადაწყვეტილების მიღების უნარი, საკუთარ თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, მაშინაც კი, თუ ეს მისი პირადი პასუხისმგებლობა არ არის. და მე მას ჩემს თავზე ავიღებ - პრემიერ-მინისტრს ახალი თავდაცვის მინისტრის დანიშვნა მოუწევს“, - განაცხადა პევკურმა.
„მინისტრი არც წინდების თუ ჭურვების დათვლითაა დაკავებული და არც ხელშეკრულებებზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. მიუხედავად ამისა, აუდიტის სამსახურის კრიტიკა ესტონეთის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის ინვესტიციების ცენტრის საქმიანობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს წარმოშობს. ამ გადაწყვეტილებას იმის სრული რწმენით ვიღებ, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად სწორად ვიმოქმედეთ - დღეს ესტონეთი ისეა დაცული, როგორც არასდროს“, - აღნიშნა მან.
მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა უკრაინისთვის არტილერიის ჭურვების შესყიდვის სკანდალური დეტალები. კონტრაქტით გათვალისწინებული 70 მილიონი ევროს ოდენობის ავანსი ინდურ კომპანიებს გადაერიცხათ, რომლებსაც მანამდე საბრძოლო მასალით ვაჭრობის არანაირი გამოცდილება არ ჰქონიათ. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა პევკურის გადადგომის მოთხოვნა წამოაყენა.
იმედი
წყარო: imedinews.ge