
ირაკლი ხელაძე: ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს - უკვე დროა, ევროკავშირის დაფიქრდეს სერიოზულად, გადახედოს დამოკიდებულებას, ურთიერთობას საქართველოსთან მიმართებაში
ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მისწერა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩს. წერილი იწყებოდა ზუსტად იმის შეხსენებით, თუ რა ძირითად ღირებულებებზე და ფასეულობებზე ჩამოყალიბდა ევროკავშირი, გაერთიანება, რომელიც უნდა ყოფილიყო თანასწორობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.
მან საქართველოში ევროკავშირის ელჩის ბოლო წლების განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ყოველთვის მხოლოდ თავდასხმებზე საპასუხოა.
„ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის ელჩის ქმედებებს თუ გადავხედავთ, სამწუხაროდ, სრულად აცდენილია ამ თანასწორუფლებიანობას, პატივისცემას, პარტნიორულ დამოკიდებულებას. მათი მხრიდან მუდმივად არის გარკვეული მოგონილი, ცრუ აღქმების შედეგად გამოთქმული ბრალდებები დემოკრატიული გზით არჩეული, საქართველოს ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის მიმართ.
მე არ მაქვს მოლოდინი იმისა, რომ ამ წერილიდან, სადაც ზუსტი და სწორი აქცენტები იყო დასმული პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, სწორ დასკვნებს გააკეთებენ ევროკავშირის ელჩი ან ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები. ზოგადად ჩვენ, სისტემატურად ამ მიმართულებით ვახსენებთ ყველას, რომ ვრჩებით ყველასთან ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, თავს არავის ვესხმით, ჩვენი კონკრეტული განცხადებები ყოველთვის გამომდინარეობს იმ თავდასხმებიდან, იმ ორმაგი სტანდარტიდან, რითაც გამოირჩევა ევროკავშირის ელჩი საქართველოსთან მიმართებაში.
უკვე დროა, ევროკავშირის დაფიქრდეს სერიოზულად, გადახედოს დამოკიდებულებას, ურთიერთობას საქართველოსთან მიმართებაში. მგონი, ამაში უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ჩვენ არ ვიცვლით პოზიციას იმიტომ, რომ ეს ჩვენი პრინციპი გადის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. თუ ამის გათვალისწინებით ვინმეს ექნება სურვილი ლაპარაკის, მეგობრობის, ურთიერთობის, პარტნიორობის, უნდა ახსოვდეს, რომ მთავარი ხაზი არის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
