
ლევან მახაშვილი ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე: ეს არ იყო ევროპის იდეის მარცხი, მაგრამ ეს იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და ამას ექნება თავისი გამოძახილი სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით მათში, რომლებიც ახლა ცდილობენ ევროკავშირის წევრობას
რასაც ვხედავთ ერთმანეთის მიყოლებით, დღევანდელ სიტუაციაში ქვეყნები ამჯობინებენ სუვერენული გადაწყვეტილების შენარჩუნების შესაძლებლობას, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა ევროკავშირში გაწევრების შესახებ ისლანდიის რეფერენდუმის შედეგებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ისლანდიის რეფერენდუმის შედეგები ბრიუსელისთვის დიდი რეპუტაციული დარტყმა იყო. მახაშვილი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული დამოკიდებულება სხვა ქვეყნებისთვის იყოს გადამდები.
„ეს არ იყო ევროპის იდეის მარცხი, მაგრამ ეს იყო ბრიუსელის პოლიტიკის მარცხი და ამას ექნება თავისი გამოძახილი, ექო, სხვა სახელმწიფოებში, განსაკუთრებით მათში, რომლებიც ახლა ცდილობენ ევროკავშირის წევრობას. ამიტომ ამით ბრიუსელის ხმა, პოლიტიკა, იმიჯი და რეპუტაცია შესუსტდა და სწორედ ამიტომაა, რომ ამას ექნება ნეგატიური გამოძახილი ზოგადად გაფართოების პროცესზე“, - აღნიშნა მახაშვილმა.
მან ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის მქონე ქვეყნებზეც, კერძოდ, თუ რა რეალური გამოწვევების წინაშე დგანან კანდიდატი ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით.
„გამოწვევა არის ის, რომ ჯერ ერთი, თუ გახდები ევროკავშირის წევრი, მათ ბევრი მიმართულებით უნდა დათმონ თავიანთი სუვერენიტეტი. თვითონ ვეღარ მიიღებენ გადაწყვეტილებას, მაგალითად, რომელ ქვეყანასთან ჰქონდეთ სავიზო მიმოსვლა; სავაჭრო ხელშეკრულება და ასე შემდეგ, უამრავი მიმართულებაა. უპირველეს ყოვლისა, გამოწვევა, ალბათ ესაა, მაგრამ რასაც ვხედავთ, ერთმანეთის მიყოლებით, დღევანდელ სიტუაციაში ქვეყნები ამჯობინებენ სუვერენული გადაწყვეტილების შენარჩუნების შესაძლებლობას“, - აღნიშნა მახაშვილმა.
ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრებაზე უარი თქვა. ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრების შესახებ რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდა. მოსახლეობის 52,8%-მა ევროკავშირთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირა.
იმედი
წყარო: imedinews.ge