
ლევან მახაშვილი: რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ხელს უშლის პროცესს - ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და დასუსტებული ქვეყანა ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს
თითოეული რევოლუციის მცდელობა, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და შიგნიდან დასუსტებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
მან 2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზნებზე და ამ თვალსაზრისით გარკვეულ ეკონომიკურ რისკებზეც ისაუბრა. მახაშვილის განცხადებით, აღნიშნული რისკების შესამცირებლად „მოსურნე ქვეყნები, სამწუხაროდ, ვერაფერს გააკეთებენ“.
ამასთან, მახაშვილმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში ოპოზიციის როლზეც ისაუბრა.
„დღევანდელი ბრიუსელი, ფაქტობრივად, ვალდებულების სახთ ეუბნება მოსურნე ქვეყანას, რომ „შენ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია. შენ თუ გინდა ჩემი წევრობა, აი, ეს უნდა გააკეთო“.
საბერძნეთი ამის ერთადერთი მაგალითი არ არის. ბევრი ასეთი სხვა მაგალითიც ვიხილეთ, თუმცა რეალობა ასეთია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მოსახლეობამ იცოდეს, რაზეა საუბარი, ვისთან და რა პროცესს გავდივართ. სანამ ქვეყანა არ არის ევროკავშირის წევრი, მანამდე ქვეყანას დიდად არაფრის შეცვლა არ შეუძლია. როდესაც არის ევროკავშირის წევრი, იქ ვეტოს უფლებით, მეტ-ნაკლებად, კიდევ შეიძლება რაღაცით დაბალანსება. მაგრამ, დღეს თუ რაიმე შეგვიძლია, ეს არის ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკების პროცესში ბრიუსელთან პირობების შეთანხმება. ოღონდ, როდესაც ვსაუბრობთ ძლიერ პოზიციაზე, აქ მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ეს რევოლუციის მცდელობა, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რასაც აღვივებს ჩვენი რადიკალური ოპოზიცია, პირიქით ხელს უშლის სწორედ ამ პროცესს. ასუსტებს ქვეყანას შიგნიდან და შიგნიდან დასუსტებული ქვეყანა, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკეთეს პირობებში ვერ მოილაპარაკებს. არ მაქვს იმედი, რომ ისინი გაიაზრებენ, მაგრამ უნდა აცნობიერებდნენ, რომ თითოეული მათი რადიკალური ნაბიჯი ქვეყანას ასუსტებს და ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესში [საქართველოს] უფრო სუსტი პოზიციიდან ალაპარაკებს“, - აღნიშნა მახაშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge