
ფაშინიანი: მზად ვართ ვითანამშრომლოთ აზერბაიჯანთან ელექტროენერგიით ვაჭრობის სფეროში, როგორც ამას საქართველოსთან ვაკეთებთ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი მზადაა ითანამშრომლოს აზერბაიჯანთან ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის კუთხით, როგორც ამას საქართველოსთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან აკეთებს.
როგორც ფაშინიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სომხეთში მრავალი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ჭარბი გამომუშავება ხდებოდა, თუმცა ახლა, როცა ეკონომიკა სწრაფი ტემპებით ვითარდება, ხოლო დენის მოხმარება იზრდება, ჩნდება იმპორტის აუცილებლობა.
„ჩვენ ელექტროენერგიით საერთაშორისო ვაჭრობის ფარგლებს გარეთ არ უნდა დავრჩეთ. ხანდახან ჩვენ მოგვიწევს ექსპორტი, ხანდახან იმპორტი, მათ შორის შესაძლოა აზერბაიჯანთან გვქონდეს პარტნიორობა და თანამშრომლობა ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის თვალსაზრისით, როგორც ამას სხვა ქვეყნებთან ვაკეთებთ - თურქეთთან, ირანთან, საქართველოსთან და ა.შ.“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთის ხელისუფლების საბოლოო მიზანს 100-პროცენტიანი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა წარმოადგენს.
იმედი
წყარო: imedinews.ge