
ქართველიშვილი: ამ სიტუაციაში ვხედავ პერსპექტივას, რომ საქართველომ დაამყაროს პირდაპირი კავშირები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებსაც ამოძრავებს პრაგმატიზმი და არა იდეოლოგიური კლიშეები, რომლებისგანაც ვერ გათავისუფლდა ბრიუსელი
ამ სიტუაციაში მე ვხედავ პერსპექტივას, რომ საქართველომ დაამყაროს პირდაპირი კავშირები ევროკავშირში შემავალ წევრ ქვეყნებთან, იმ ნაწილთან, რომელსაც საკუთარ საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ამოძრავებს პრაგმატიზმი და არა იდეოლოგიური კლიშეები, რომლებისგანაც ვერ გათავისუფლდა ბრიუსელი, ვერც რასა იუკნევიჩიენე, კუბილიუსი, კალასი, მარტა კოსი და ასე შემდეგ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
მისი შეფასებით, ბრიუსელი რეალობას ვერ აღიქვამს და ევრობიურატია უსამართლოდ არ უნდა ექცეოდეს საქართველოს, რომელიც ევროკავშირის ეკონომიკას სჭირდება.
„ისინი საერთოდ ვერ აღიქვამენ ამ რეალობას და დღევანდელობას, როდესაც პრაგმატიზმი, ეკონომიკა ძალიან სჭირდება ევროკავშირს და რაც პირდაპირ არის დაკავშირებული საქართველოსთან. კი, ბატონო, ამ ქვეყანას ნუ ეფერები, მაგრამ ნუ აღიზიანებ მაინც და უსამართლოდ ნუ ექცევი იმიტომ, რომ ეს ის ტოტია, რომელზეც დღეს ეკონომიკურად ზიხარ და რატომ გჭირდება ამ ყველაფრის გაფუჭება?
ეს ორი ხაზი და ეს ორი ევროპა ნამდვილად ჩანს, არა მხოლოდ ჩვენთვის, დონალდ ტრამპისთვისაც. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ დონალდ ტრამპი ამჯობინებს პირდაპირ კონტაქტებ უნგრეთის, იტალიის, სლოვაკეთის ხელისუფლებებთან თუ სხვებთან. ჩვენ ალბათ მოგვიწევს ამ გზის გავლა იმიტომ, რომ ევრობიუროკრატია, ბრიუსელი არაადეკვატურია სწორედ ამ რეზოლუციების გამო. ბაქოს მიმართ უსამართლო რეზოლუცია 14-ია? ჩვენთან 10-ია? - მალე გადაასწრებენ ამას. მაგრამ მოდით, ბაქოს გამოცდილება გავიზიაროთ - თითოეულ ამ რეზოლუციას რაიმე ცვლილება შეუტანია აზერბაიჯანელი ხალხის ყოველდღიურობაში პრაქტიკული თვალსაზრისით ან აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მიმართებით?“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
მან ამგვარ რეზოლუციებს შანტაჟი და ულტიმატუმი უწოდა, რომლის ერთადერთი არგუმენტად ვიზალიბერალიზაციის გაუქმება დარჩა.
„ამას შევეგუეთ უკვე ფსიქოლოგიურად. ამას [უვიზო მიმოსვლის გაუქმება] ვერ მიიღებენ, რადგან მაშინ მთელი კონფიგურაცია უნდა შეცვალონ. ამ გადაწყვეტილების მიღება იმ წესებს ეფუძნება, რომლებითაც იმ 27 ქვეყნიდან საჭირო უმრავლესობა ხმას არ მისცემს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge