
შალვა პაპუაშვილი დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე: ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი
ვხედავთ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არის რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მზად არის, რომ ქვეყანა დაანგრიოს, რომ აქ სისხლის ღვრა, სახელმწიფოს დამხობა იყოს და ისინი ამ ყველაფერზე წამსვლელი არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაურ ბუავას საქმეზე ოპოზიციის სპეკულაციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, საზოგადოებას ჰყავს ის 7 000 ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს ყველამ იხილა.
„საზოგადოებას ჰყავს ის 7 000 ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს ყველამ იხილა. აქედან რამდენიმე ასეული უფრო აქტიურია და განსაკუთრებით გამოირჩევა ამ მხრივ. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ უკვე წლებია, მათი მეთოდი არის მცდელობა, რომ სხვადასხვა ტრაგედიაზე პოლიტიკური პარაზიტების როლში გამოვიდნენ და შეეცადონ, პოლიტიკურად აქციონ ყველაფერი.
ყველა ასეთ შემთხვევაში, როდესაც ცდილობდნენ, რომ ტრაგედია გამოეყენებინათ, ყველაფერზე კისერი წაიმტვრიეს იმ მხრივ, რომ გამოჩნდა, ან თავიდანვე ჩანდა, რა იყო სიმართლე და პირდაპირ ჩანდა, რომ ეს ადამიანები დაკავებული არიან მანიპულაციით და რეალობის გაყალბებით.
სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არიან მათ შორის, ის ორგანიზაციები, რომლებიც თავის თავს მედიას უწოდებენ და სინამდვილეში უბრალოდ, ისტერიას და მანიპულაციას არიან მიყოლილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და გამოვლინდნენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვანაირად იყვნენ ჩართული ამ უბედური შემთხვევის დადგომაში და ყველა ამ საკითხს საბოლოო პასუხი გამოძიების მხრიდან გაეცემა.
შალვა პაპუაშვილმა ასევე დასძინა, რომ შეთქმულების თეორიის მოყვარული უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც ამ საქმეზე ფაქტებს არ ენდობა.
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს. ისინი არაერთ ვერსიას ასახელებენ, მათ შორის, უკავშირებენ მის საქმიანობას.
საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა და ვიდეომასალა გაასაჯაროვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 27 აგვისტოს იპოვეს.
იმედი
წყარო: imedinews.ge