
სკოტ ბესენტი: ჩინეთი ირანის ენერგორესურსების 90%-ს ყიდულობს, შედეგად ის ტერორიზმის მთავარ სპონსორს აფინანსებს. ვნახოთ როგორ გააძლიერებს პეკინი დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა ირანს ჰორმუზის სრუტის გახსნა აიძულოს
სკოტ ბესენტი ჩინეთს მოუწოდებს დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიეროს, რათა ირანი ჰორმუზის სრუტის გახსნისა და თავისუფალი ნაოსნობის აღდგენაში დაარწმუნონ. შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი აცხადებს, რომ ირანის საკითხს დონალდ ტრამპი ჩინელ კოლეგა, სი ძინპინთან შეხვედრისას განიხილავს, რომელიც 14-15 მაისს არის დაგეგმილი.
„ფოქს ნიუსის“ ეთერში ბესენტი სრუტეში შექმნილ ვითარებას და მის შედეგად გამოწვეულ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისსაც შეეხო.
„ირანი არ აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს, მას ჩვენ ვაკონტროლებთ; ვბლოკავთ ირანულ პორტებში შემავალ, ან გამომავალ გემებს. მათი ეკონომიკა თავისუფალ ვარდნას განიცდის. რაც შეეხება ენერგოკრიზისს, ვფიქრობ ბაზრის მომარაგება მალე აღდგება, გვესმის რომ ფასების ზრდა მოკლევადიანი იქნება და ის მალე დარეგულირდება, როგორც კი კონფლიქტი დასრულდება. ახლა დროა საერთაშორისო პარტნიორებმა ირანზე გავლენა გაააქტიურონ. ჩინეთი ირანის ენერგორესურსების 90%-ს ყიდულობს, შედეგად ის ტერორიზმის მთავარ სპონსორს აფინანსებს. ჩვენ სი ძინპინთან ტელეფონით უკვე განვიხილეთ ირანის საკითხი. საუბარი პრეზიდენტთან შეხვედრაზეც გაგრძელდება. ვნახოთ როგორ გააძლიერებს პეკინი დიპლომატიურ ძალისხმევას, რათა აიძულოს ირანი რომ სრუტე გახსნას“, - აღნიშნა სკოტ ბესენტმა.
